KB - სააპელაციო პალატამ დამცავი ორდერის გამოცემის საქმეზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

4.04.2019

KB - სააპელაციო პალატამ დამცავი ორდერის გამოცემის საქმეზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით, დამცავი ორდერის გამოცემის დავაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ სადავო ჩანაწერთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი და არსებითი გავლენის მომხდენი განმარტება გაკეთდა. 

საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის 07 მარტს გ. მ.-მა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ყოფილი მეუღლის ზ. უ.-ის და ყოფილი მულის თ. უ.-ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა. 2019 წლის 13 მარტს განმცხადებელმა დაზუსტებული განცხადებით მომართა სასამართლოს და გარდა სასამართლოს წარმოებაში არსებული მოთხოვნისა, დამატებით მოითხოვა მისი არასრულწლოვნი შვილის დაცვის მიზნით, მამის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა. 2019 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომაზე განმცხადებელმა ისევ დააზუსტა მოთხოვნა ყოფილი მეუღლის მიმართ და მოითხოვა, არასრულწლოვანის დაცვის მიზნით, მამას აკრძალვოდა საცხოვრებელთან და იმ ადგილებთან მიახლოვება და კონტაქტი, სადაც იმყოფება არასრულწლოვანი. მთლიანობაში, განმცხადებელი ითხოვდა დამცავი ორდერის გამოცემას 6 თვის ვადით, ყოფილი მეუღლისა და ყოფილი მულის მიმართ, შემდეგი პირობებით: აკრძალოდა ზ. უ.-სა და თ. უ.-ს  განმცხადებლის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. მხარეებს განმცხადებელთან აკრძავოდათ ყოველგვარი ურთიერთობა, მათ შორის სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტის საშუალებებით. მამას არასრულწლოვანის დაცვის მიზნით, აკრძალვოდა საცხოვრებელთან და იმ ადგილებთან მიახლოვება და კონტაქტი, სადაც იმყოფებოდა არასრულწლოვანი.

KB-ს იურიდიული დახმარების მიღების მოთხოვნით მომართა არასრუწლოვანის მამამ და მამიდამ, რის შემდგომაც სრულფასოვნად იქნა გაცნობილი საქმის მასალები და ფაქტობრივი მდგომარეობა. შესაბამისად, KB-ის იურისტების მიერ გამოითქვა წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე თანხმობა. შესაბამისად, მხარემ სასამართლოს წარუდგინა დასაბუთებული პოზიცია განმცხადებლის მოთხოვნებთან დაკავშირებით. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, ყოფილი მეუღლეები 3 წელზე მეტია ცხოვრობდნენ ერთად, ჰყავთ საერთო შვილი, რომელიც ამ ეტაპზე იზრდება და ცხოვრობს დედასთან. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ის იხდის ალიმენტს, ასევე სასამართლოს მიერ განსაზღვრული აქვს შვილის ნახვის დღეები: ყოველი კვირის პარასკევს 4 საათიდან 18 საათამდე და ყოველი კვირის კვირა დღეს დილის 16 საათიდან საღამოს 8 საათამდე.
 
მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, რომ პრობლემას სწორედ მისი უფლება წარმოადგენს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, ვინაიდან ყოფილ მეუღლეს არ სურს რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან, არ სურს ბავშვმა კონტაქტი იქონიოს მამასთან და სხვა ოჯახის წევრებთან, რაც აუცილებლად მიაჩნია ბავშის ნორმალურად ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად რადგანაც მან ვერ მოძებნა სხვა სამართლებრივი გზა შვილის ნახვის უფლების ასაკრძალად, მიმართა დამცავი ორდერის გამოცემას. განმცხადებელთან მიახლოვება და რაიმე სახის კომუნიკაციის დამყარება ყოფილი მეუღლის არც მიზნებსა და სურვილებში არ შედის. პირიქით, მასთან ურთიერთობა მისთვისაც დამთრგუნველი და უკვე სახიფათოა, ერთადერთი რაც სურს, გამოიყენოს სასამართლოს და კანონის მიერ მინიჭებული უფლება და ჰქონდეს კომუნიკაცია შვილთან, რისთვისაც ამიერიდან გამოიყენებს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონულ ოფისს, რადგანაც ვერ მიდის ბავშის მოსანახულებლად საპატრულო პოლიციის გარეშე, იმისთვის რომ არ გახდეს რაიმე პროვოკაციის მსხვერპლი, ხოლო საპატრულო პოლიციასთან ბავშის ასეთი ინტენსიური ურთიერთობა დამაზიანებლად მიაჩნია. 2019 წლის 5 თებერვალს შემაკავებელი ორდერი გამოიცა მხოლოდ მისი განმცხადებელის განმარტებების საფუძველზე, სადაც მითითებული იყო, რომ ის მასზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მათ შორის კომუნიკაცია შემოიფარგლება მხოლოდ ბავშის ნახვის საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით და სხვა სახის კომუნიკაცია მასთან არ აქვს. შესაბამისად, ამ ეტაპისათვის მათი ურთიერთობა დასრულებულია და ის არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს მისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა განმცხადებელთა ახსნა - განმარტებები და მიიჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო. შესაბამისად, სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, ყოფილ მეუღლეს აეკრძალა განმცხადებლის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ყოფილ მეუღლეს აეკრძალა განმცხადებლის მიმართ ყოველგვარი ურთიერთობა, მათ შორის სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტის საშუალებებით. 

ამასთან, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ არ დადასტურდა ყოფილი მულის მხრიდან განმცხადებლის მიმართ და მამის მიერ შვილის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იყო დადგენილი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა ყოფილი მულის მხრიდან განმცხადებლის მიმართ და მამის მხრიდან შვილის მიმართ, რაც არ წარმოადგენდა დამცავი ორდერის გამოცემისა და განმცხადებელის მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.

KB-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. განმცხადებელს არ გაუსაჩივრებია გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა შემდეგი: მხარეთა შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომელიც ეხება შვილის ნახვას, თავის თავში მოიაზრებს მამის არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილას მისვლას, რომელიც ამავე დროს დედის საცხოვრებელი ადგილიცაა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, მამას ეკრძალება ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. აგრეთვე მასთან ეკრძალება ყოველგვარი ურთიერთობა, მათ შორის სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტის საშუალებით. 

დადგენილია, რომ შვილი ცხოვრობს დედასთან. ის არის ორი წლისა და რვა თვის და არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად, დედის დახმარების გარეშე, სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პერიოდში გაჰყვეს მამას. ამ ვითარებაში შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, როდესაც თანაბარი ინსტანციის, ორი სხვადასხვა კოლეგიის გადაწყვეტილება ურთიერთსაწინააღმდეგოა და ერთმანეთს გამორიცხავს. 

სასამართლომ გადაწყვეტილებით, აგრეთვე არ განსაზღვრა კონკრეტული პიროვნება, ნეიტრალური მესამე პირი, ვისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზაცია. რაც კიდევ მეტად ართულებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების აღსრულებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დედა უარს ამბობს სხვა პირების მეშვეობით, მამის მიერ ბავშვის წაყვანაზე, რაც შექმნილ მდგომარეობას უფრო მეტად ამძაფრებს.

უნდა აღნიშნოს, რომ დედის მიერ, როგორც შემაკავებელი ასევე დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნა, გამომდინარეობდა არა რაიმე კონკრეტული ძალადობის ფაქტიდან, არამედ იქედან, რომ ყოფილმა მეუღლემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და მოითხოვა შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა. სწორედ ამ ქმედების შემდეგ, განმცხადებელი ყოველგვარი ხერხით ცდილობდა მამისთვის ხელი შეშალა მინიჭებული უფლების განხორციელებაში და ხელოვნურად ქმნიდა ისეთ ვითარებას, რომელიც ობიექტურ მესამე პირს აფიქრებინებდა, რომ მის მიმართ მართლაც ხორციელდებოდა ძალადობრივი ქმედებები, თუმცა სხვა საკითხია, თუ რამდენად არსებობს შექმნილი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლოს სწორად უნდა შეეფასებინა ვითარება და არ დაეშვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით (მოსამართლე: მერაბ ლომიძე) განიმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მამის მიმართ დადგენილი აკრძალვა - ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც განმცხადებელი შეიძლება ყოფილიყო, აგრეთვე აკრძალვა ყოფილ მეუღლესთან ყოველგვარი ურთიერთობის, მათ შორის სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტის მეშვეობით, არ უნდა გავრცელებულიყო მამის შვილთან ურთიერთობის წესზე. სააპელაციო პალატის განჩინებით, მამას უფლება მიეცა შვილთან ურთიერთობის წესის განხორციელების დროს მივიდეს ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლთან ან იმ ადგილას, სადაც იქნება არასრუწლოვანი. ამასთან, შვილის წაყვანის და უკან დაბრუნების დროს, მამას ნება დაერთო ყოფილ მეუღლესთან სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტის მეშვეობით კონტაქტზე. პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებული სახით წარმოდგენილი ჩანაწერი ქმნიდა პრობლემას ორივე მხარისთვის და იძლეოდა მეტი დაძაბულობის შექმნის საფრთხეს, ვინაიდან ჩნდებოდა ჩანაწერის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ჩანაწერი უნდა გავრცელებულიყო ყოფილ მეუღლესთან შვილთან ურთიერთობის წესის გარდა ყველა სხვა შემთხვევაზე. შესაბამისად, შეზღუდვა ამ თვალსაზრისით, ძალაში დატოვა. შედეგად, ყოფილი მეუღლის იურიდიული ინტერესი დაკმაყოფილდა - მოიხსნა სამართლებრივი ბუნდოვანება აკრძალვის გამოყენების ნაწილში, რაც შესაძლებელი იყო გავრცელებულიყო შვილთან ურთიერთობის წესზე და წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონიერ ძალაში შესულ ამ უფლების დამდგენ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. აღსანიშნავია, რომ დედამ სასამართლოს დამცავი ორდერის მიღებაზე მიმართა შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლამდე 1 დღით ადრე, თუმცა დადგენილია, რომ მამას არ დაურღვევია არც შემაკავებელი ორდერისა და არც დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის წესი, ვინაიდან მის ერთადერთ და კანონიერ ინტერესს ამჟამად მხოლოდ შვილთან ურთიერთობის წესის დაცვა წარმოადგენს.