KB იურისტებმა გაიზიარეს მოპასუხის ინტერესებიც, რომლის დაცვაზეც ადვოკატმა შეგნებულად უარი თქვა

8.04.2019

KB იურისტებმა გაიზიარეს მოპასუხის ინტერესებიც, რომლის დაცვაზეც ადვოკატმა შეგნებულად უარი თქვა

2019 წლის 8 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, მხარეთა შორის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნაზე, დავა მორიგებით დასრულდა.

KB-ის იურისტები ნამდვილი მესაკუთრის ინტერესებს წარმოადგენდნენ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 სექტემბერს, მოსარჩელემ უძრავი ქონება შეიძინა აუქციონის გზით. აღნიშნულ ქონებაზე მოსარჩელემ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა მოპასუხე, ქონების ყოფილ მესაკუთრე შ.გ-თან, რომლის თანახმადაც, თუკი მოპასუხე 2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით არ მოახდენდა ქონების ღირებულების - 50.000 ათასი აშშ დოლარის მოსარჩელის მიმართ გადახდას, შეძენილი საცხოვრებელი ფართი მოსარჩელეს უნდა გადასცემოდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. მხარეთა შორის შეთანხმება დაირღვა. შესაბამისად, მოსარჩელემ 2018 წლის 18 დეკემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

სასამართლოში მოპასუხე შ.გ.-ს მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ გააჩნდა იურიდიული ინტერესი უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებაზე. 2019 წლის 18 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ თვენახევარზე მეტია არ ჰქონია კომუნიკაცია მარწმუნებელთან, რათა შეათანხმოს საბოლოო პოზიცია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელისადმი. ამასთანვე, მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება მის მიმართ (იგულისხმება საადვოკატო მომსახურების ხარჯი) და აღნიშნულიდან გამომდინარე უარს ამბობდა მოპასუხის ინტერესების დაცვაზე. მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მოპასუხის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იქნა არასაპატიო მიზეზით და იშუამდგომლეს მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ვინაიდან უშუალოდ მოპასუხე გაფრთხილებული არ იყო სასამართლო სხდომის დღის შესახებ, ასევე მისთვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ მის ინტერესებს სასამართლოში აღარ დაიცავდა ადვოკატი, მხარეს არ უნდა შეზღუდოდა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება. მიუხედავად ამისა, KB იურისტებმა გაიზიარეს მოპასუხის ინტერესებიც, რომლის დაცვაზეც ადვოკატმა უარი თქვა. 

2019 წლის 8 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხე, რომელმაც ისარგებლა თარჯიმნის უფლებით. შესაბამისად, მხარეებს შორის საერთო ინტერესების გათვალისწინებით, აგრეთვე სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელზე წარმოება შეწყდა და მხარეთა შორის დავა დასრულდა მორიგების აქტის საფუძველზე:

  • მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით 2019 წლის 30 აპრილის მდგომარეობით გადაუხადოს 5000 აშშ დოლარი;
  • მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით 2019 წლის 27 სექტემბერს გადაუხადოს დარჩენილი თანხის ნაწილი 45.000 აშშ დოლარი;
  • მხარეები შეთანხმდნენ, რომ მორიგების აქტის პირობების დარღვევად ჩაითვლება შეთანხმებულ ვადაში თანხის გადაუხდელობა. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სააღსრულებლო ფურცელის გაცემის მოთხოვნით და განჩინება დავის მორიგებით დასრულების შესახებ მიიქცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
  • მორიგების აქტის დარღვევის შემთხვევაში, სააღსრულებლო ფურცელი გაიცემა შემდეგი პირობით: გამოთხოვილ იქნეს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უძრავი ნივთი გადაეცეს მოსარჩელეს;
  • მხარეები შეთანხმდნენ, რომ მორიგების აქტი კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე და მას არც ერთი მხარე არ გაასაჩივრებდა სააპელაციო წესით.

ცნობისთვის: საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა. თავის მხრივ, ცალკე აღნიშვნის ღირსია სასამართლოს, საქმის განმხილველი მოსამართლის ძალისხმევაც, რომელმაც მხარეთა მორიგების მიზნით, კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა მიიღო.