KB დახმარებით, მეტროში მოქალაქის დაკავება და დაკისრებული ჯარიმა გაუქმდა

18.04.2019

KB დახმარებით, მეტროში მოქალაქის დაკავება და დაკისრებული ჯარიმა გაუქმდა

KB-ის წარმომადგენლობით, 2019 წლის 11 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 თებერვლის დადგენილება, რომლითაც მოქალაქე საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის პირველმა ოცეულმა ადმინისტრაციული წესით დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის და დააკისრა სანქცია 1100 (ათას ასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის პირველმა ოცეულის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ადმინისტრაციული საქმის მასალებით, 16 თებერვალს, 11:15 საათზე, მეტროსადგურ „დიდუბის“ შესასვლელ კართან დაკავებულ იქნა მოქალაქე რ. კ, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, თუმცა აღნიშნულის შესახებ საქმეში წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება არ მიუთითებს. ასეთ ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს მოქალაქეც. მეტიც, ალკოტესტით შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქე იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში. პატრულ-ინსპექტორმა რ.კ.-სთან საუბარში აღნიშნა, რომ იყო ძალიან წარმატებული და საუკეთესო თანამშრომელი, რადგან 2019 წლის იანვრის შემდგომ 40-ზე მეტი საქმე ჰქონდა „გაკეთებული“, რისთვისაც მიიღო პრემია 500 ლარი. აგრეთვე, მისი ნათქვამიდან და მისი პირადი მობილურიდან ნაჩვენები იქნა მოქალაქისთვის ფოტოებიც, რომლითაც ხაზი გაესვა იმას, რომ მსგავსი ტიპის დაკავებების გამო, მიღებული ჰქონდა გარკვეული სახით ჯილდოები. პატრულ-ინსპექტორმა მოქალაქეს საშუალება არ მისცა დაერეკა დამსაქმებელთან, ვინაიდან მოქალაქემ განმარტა, რომ ვინაიდან არავითარი სამართალდარღვევა არ ჰქონდა ჩადენილი და ადგილზე იყო დაყოვნებული, აგვიანდებოდა სამსახურში, რამაც შეეძლო დამატებითი პრობლემები გამოეწვია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სპეციფიკურ მართველობით საქმიანობას წარმოადგენს და სამართალდარღვევის გამოვლენა იურიდიული ფაქტის დადგენა-დაფიქსირებას ნიშნავს, რაც შესაბამის იურიდიულ შედეგს იღებს. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივი კვალიფიკაციის, სამართლებრივი ნორმის შეფარდებასთან. პირის სამართალდამრღვევად ცნობისთვის და შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სახდელის დადებისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, ხოლო შემდეგ მისი ბრალეულობა ამ ფაქტის დადგომაში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებებით, ხოლო თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებად, მოცემულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლში. პალატა ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმის, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმისა და წარმოდგენილი საჩივრის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოქალაქის მიერ ჩადენილი არ ყოფილა სამართალდარღვევა. შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება. საქმე მოსამართლე ლევან მურუსიძემ განიხილა. დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.