KB შუამდგომლობით, სასამართლომ ენმ-ს სარჩელზე, იურიდიული ინტერესის არქონის გამო, წარმოება შეწყვიტა

19.04.2019

KB შუამდგომლობით, სასამართლომ ენმ-ს სარჩელზე, იურიდიული ინტერესის არქონის გამო, წარმოება შეწყვიტა
KB - ის წარმომადგენლობით და მათ შორის, სასამართლოს წინაშე წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით, ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ვახტანგ ოდიკაძის, კახა გურაშვილის, ზაქარია პასიკაშვილის, გურამ რცხილაძისა და თამაზ ფეიქრიშვილის სარჩელზე მოპასუხეების საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მესამე პირების სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, რამაზ მათიკოშვილის, ნ. შ-ისა და ნ. ც.-ის მიმართ - ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის აქტის გამოცემის მოთხოვნის შესახებ საქმეზე, სარჩელის დაუშვებლობის გამო, წარმოება შეწყვიტა. KB სასამართლოში საქმეში მესამე პირების ნ. შ-ისა და ნ. ც.-ის ინტერესებს წარმოადგენდა.  
 
საქმის მასალების შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი დაუშვებელია და მასზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
 
2017 წლის 21 აპრილს ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება _ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკანორ მელიამ სარჩელით მომართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საგარეჯოს მუნციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, რამაზ მათიკოშვილის, ნ.შ-ს, ნ. ც.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 1) ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შექმნილი მოპასუხე კომისია) 2016 წლის 24 ივნისის საოქმო გადაწყვეტილება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100000 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების რამაზ მათიკოშვილის საკუთრებად აღიარების ნაწილში; 2) ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის (რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შექმნილი მოპასუხე კომისია) მიერ 2016 წლის 7 ივლისს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100000 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების რამაზ მათიკოშვილის საკუთრებად აღიარების შესახებ; 3) ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მისამართზე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი თოხლიაური, დაზუსტებული ფართობი: 100000 კვ.მ.) რამაზ მათიკოშვილის სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; 4) ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება ნ. შ.-ის სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (მისამართზე:  საგარეჯოს რაიონი, სოფელი თოხლიაური, დაზუსტებული ფართობი: 100000 კვ.მ.) 5) ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება ნ. ც.-ის სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (მისამართზე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი თოხლიაური, დაზუსტებული ფართობი:100000 კვ.მ.) 6) დაევალოს საგარეჯოს მუნიციპლაიტეტის გამგეობასთან არსებულ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოს, საგარეჯოს მუნიციპლაიტეტის სოფელ თოხლიაურში მდებარე 100000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვა, 7) დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტს საკრებულოს გამოსცეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, განაშენიანების რეგულირების წესის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმის დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტები, მოცემულ საქმეზე მისაღები სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში.
 
2019 წლის 01 აპრილს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში აღძრული სარჩელი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის პირობებს, რადგან გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელე მხარეს. ამასთან შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ მართალია საკუთრების უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ კონსტიტუციურ უფლებას, მაგრამ მისი შეზღუდვის შეფასების საზომი, ძალიან მაღალია და კანონმდებლობა იცავს, როგორც მოსარჩელის, ასევე სხვა პირის მათ შორის მესამე პირის საკუთრების უფლებას და მის კანონიერ ინტერესს, შესაბამისად აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც სხვის საკუთრების უფლებას ეხება, სულ მცირე მათი გაქუმების მიმართ მოსარჩელების კანონერი ინტრესი უდავოდ უნდა დასტურდებოდეს და სადავო აქტი პირდაპირ და უაშუალო გავლენას უნდა ახდენდეს მასზე. 
 
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მესამე პირების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს შუამდგომლობას. ამასთან მესამე პირების წარმომადგენელმა არჩილ კაიკაციშვილმა განმარტა, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს ვინაიდან მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი დავის მიმართ არ გააჩნია, ვინაიდან მოსარჩელეთა წარმომადგენელი არასაპატიო მიზეზით უკვე მე-2 პროცესია არ ცხადდება სასამართლოში, ამასთან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ასაჩივრებდა მოსარჩელე მხარე თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა ბათილად ცნობილი, შესაბამისად სარჩელის მიმართ მოსარჩელემ დაკარგა იურდიული ინტერესი და ამიტომაც იგი არ ცხადდება სასამართლო სხდომებზე. 
 
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოუსმინა გამოცხადებულ მხარეთა პოზიციას და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე ორჯერ არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
 
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 25 მაისის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებს აღიარების კომისიის დადგენილებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ დგინდება, რომ ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის მიერ სადაო - 2016 წლის 04 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - რამაზ მათიკოშვილის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა რომლის თანახად რამაზი მათიკოშვილს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში საკუთრებაში გადაეცა თვითნებურად დაკავებული, სასოფლო-სამეურნეო დანშნლების მიწის ნაკვეთი 100000 კვ.მ. და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი (საძირკველი) 11 კვ.მ. და არასაცხოვრებელი ფართი (საძირკველი) 35 კვ.მ.
 
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ საგარეჯოს რაიონში სოფელ თოხლიაურში მდებარე უძრავ ქონების რამაზ მათიკოშვილის სახელზე რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საკუთრების უფლების მოწმობა, რომელიც შემდგომ 2017 წლის 25 მაისის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებს აღიარების კომისიის დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი.
 
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადაო აქტის ბათილად ცნობა არ წარმოადგენს სამართალწარმოების შეწყვეტის უპირობო საფუძველს. ამასთან მნიშვნელოვანია დადგინდეს, აქვს თუ არა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს სასამართლოს მიერ სადავო აქტის ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი და რატომ არ არის საკმარისი მხარის უფლებების აღდგენისთვის სადავო აქტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბათილად გამოცხადება.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ 2017 წლის 25 მაისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დადგენილება ბათილად ცნო მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საკუთრების მოწმობა. მოსარჩელე მხარე არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად მან სასამართლოზე არ დააფიქსირა პოზიცია შეცვლილ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით რამდენად ჰქონდა იურდიული ინტერესი სარჩელთან მიმართებით, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული სადაო აქტის ბათილად ცნობა არის მოსარჩელე მხარისათვის საკმარისი უფლებების აღდგენისთვის და მისთვის წინამდებარე სარჩელმა დაკარგა იურიდიული ინტერესი. 
 
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. შესაბამისად ვინაიდან უკვე ბათილად იქნა ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ამ ნაწილში მოსარჩელე მხარეს სადავო აქტით აღარ ადგება პირდაპირი და უშალო ზიანი რაც სასარჩელო მოთხოვნის დაუშვებლობით საქმის წარმოების შეწყვეტის უპირობო საფუძველს წარმოადგენს.
 
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მესამე სასარჩელო მოთხოვნას - 3) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების რამაზ მათიკოშვილის სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან და აღნიშნულის მიმართაც მხარემ დაკარგა იურიდიული ინტერესი.
 
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნებს - 4) ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება ნ. შ.-ის სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 5) ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება ნ. ც.-ის სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, აღნიშნულ ნაწილში სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმე ეხება მესამე პირთა შორის დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულ რეგისტრაციების ბათილად ცნობას. შესაბამისად, როდესაც საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილებები სადავო ქონების რეგისტრაციის თაობაზე საფუძვლად დაედო სამოქალაქო გარიგება ასევე მესამე პირებზე სწორედ სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებების საფუძველზე დარეგისტრირდა სადავო ქონება და საჯარო რეესტრის სადავო გადაწყვეტილებების საფუძველიც გახდა მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, აღნიშნული სამოქალაქო ხელშეკრულებები ძალაშია და არ გაუქმებულა. შესაბამისად ადმინისტრაციული სასამართლო ვერ იმსჯელებს სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე. ამიტომ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების დადების კანონიერების თაობაზე მოსარჩელეებს უფლება აქვთ საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოს. შესაბამისად აღნიშნულთან დაკავშირებითაც სასამართლო თვლის, რომ მხარეს აღარ აქვს იურიდიული ინტერესი სარჩელთან მიმართ.
 
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერი ინტერესი არ ნიშნავს იმთავითვე მოთხოვნის კანონიერებას, სასამართლოს მიერ სარჩელის უცილობლად დაკმაყოფილებას, აღნიშნული დავის არსებითი განხილვის შედეგად გამოსარკვევ საკითხთა რიგს განეკუთვნება, სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე ინტერესის არსებობა, როგორც სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა, გულისხმობს დავისადმი მოსარჩელის ინდივიდუალური, პერსონალური ინტერესის, როგორც ასეთის არსებობას. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, მატერიალური  კანონიერება  დგინდება  პროცესის  არსებითი განხილვის შედეგად, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო მატერიალური საფუძვლების არარსებობა, არის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და არა ინტერესის არარსებობის გამო სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ამასთან, კანონიერი ინტერესის არსებობის და შესაბამისად სარჩელის დასაშვებობის საკითხის სწორად გადაწყვეტას მნიშვნელობა აქვს ერთის მხრივ, სასამართლოს უფლების დაცვის, ხოლო მეორეს მხრივ, ე.წ. „პოპულარული“ სარჩელის აღძვრის დაუშვებლობის, ასეთი სარჩელის დაშვებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შელახვის თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნული საკითხის გარკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი, რომლის მიზანია პირის პროცესუალური უფლებაუნარიანობის გარვევა.
 
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გამარტავს, რომ მოსარჩელე მხარემ დღეის მდგომარეობით დაკარგა იურდიული ინტერესი მათ მიერ აღძრულ სარჩელთან მიმართებით ვინაიდან მათ მიერ სადავოდ ქცეული ძირითადი ადმინისტრაციული აქტი ბათილად ცნო თავად ადმინისტრაციულმა ორგანომ.
 
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოსცეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, განაშენიანების რეგულირების წესის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმის დამტკიცების თაობაზე საართლებრივი აქტები, სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე სარჩელით არ დგინდება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებული მხარის იურიდიული ინტერესი, ასევე არ არის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები რა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოს უარი. შესაბამისად აღნიშნულ მოთხოვნა წარმოადგენს ე.წ. „პოპულარული“ სარჩელს, რომლის მიმართაც იურიდიული ინტერესი მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია და მოთხოვნის დაკმაყოფილება არ ემსახურება მისთვის დარღვეული უფლებების აღდგენას, ვინაიდან სარჩელში არ არის მოცემული თავად რა დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლოს მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნით.
 
შესაბამისად საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება თუ რა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელე მხარეს, შესაბამისად არ იკვეთება სარჩელის დაკმაყოფილების შემდგომ მოსარჩელის იურდიული ინტერესიც. საქმე განიხილა და გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.