KB - საზიარო უფლების სარგებლობით მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა დაუსაბუთებელი აღმოჩნდა

4.05.2019

KB - საზიარო უფლების სარგებლობით მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა დაუსაბუთებელი აღმოჩნდა

2019 წლის 30 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საზიარო უფლების სარგებლობით მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის დავაზე, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ე.გ.-ს სარჩელი და სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული მოპასუხე მხარის - ნ.ბ-სა და თ.გ.-ს შესაგებლით წარდგენილი სამართლებრივი დასკვნები სარჩელის დაუსაბუთებლობის თაობაზე. KB-ის იურისტები წარმოებული დავის ფარგლებში, სწორედ მოპასუხეების ინტერესებს იცავდნენ. 

საქმის მასალების მიხედვით, პროცესის მონაწილე მხარეები წარმოადგენენ ახლო ნათესავებს - და-ძმას და დისშვილს. მოსარჩელის განმარტებით, მისი და მუშაობდა წინდების ერთ-ერთი ფაბრიკის პროფკომიტეტის თავმჯდომარედ, რომელმაც მიიღო ორი ოთახი. მოსარჩელის დას არ ჰყავდა არც მეუღლე და არც შვილი და იყო მარტო. აქედან გამომდინარე, ის პატრონობდა და ცხოვრობდა მასთან. 2012 წლის 23 ნოემბერს მოსარჩელეს გარდაეცვალა და, ხოლო მისი დანაშთი ქონება მიიღეს მეორე რიგის მემკვიდრეებმა - როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხეებმა. ქ. თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ბინა თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა თანამესაკუთრეებზე. მოსარჩელის მტკიცებით, მისი თანხმობის გარეშე ძმამ შეცვალა აღნიშნული ბინის კარის საკეტები და აღარ დაუშვა ფართში. აღნიშნული ქმედებით, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ როგორც ბინის ერთ-ერთ თანამესაკუთრეს, ეზღუდებოდა უფლებები და ვერ ახერხებდა საკუთარი ქონებით სარგებლობას. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით რამდენჯერმე მიმართა მთაწმინდის რაიონის პოლიციას, მაგრამ მისმა განხორციელებულმა ქმედებებმა ვერ უზრუნველყო ხელშეშლის აღკვეთა და კვლავ ვერ ახერხებს მის საკუთრებაში არსებულ ბინაში შესვლას და სარგებლობას. მოსარჩელის მიერ ჩატარებული იქნა აუდიტორული ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა საიჯარო ქირის ოდენობა ყოველთვიურად 108 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაკისრებოდათ 1/3 წილის საკუთრების თანხმობის გარეშე განკარგვით მიყენებული ზიანის ყოველთვიურად თვეში 108 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში 263 ლარის გადახდა 2015 წლის 07 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც სარჩელის შემოტანის დროისათვის უკვე შეადგენდა 8 420,54 ლარს.

KB-ის იურისტები მოპასუხეების ინტერესების დაცვის პროცესში მას შემდეგ ჩაერთვნენ, რა დროსაც მოპასუხეების საწინააღმდეგოდ სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრებისთვის პროცესუალურად დარჩენილი გახლდათ 3 დღე. შესაბამისად, KB-ის მიერ მომზადდა საჩივარი, რასაც თან დაერთო სარჩელისა და მასზედ თანდართული მასალების ჩაუბარებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა და 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით, გაუქმდა საქმეზე მიღებული 2018 წლის 5 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განახლდა საქმისწარმოება და მოპასუხეებს შესაგებლის წარმოდგენისთვის აღუდგათ 10-დღიანი კანონით დადგენილი ვადა. 

მოპასუხეების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შესაგებლით და მტკიცებულებებით მიეთითა, რომ არ შეესაბამებოდა სინამდვილეს მოსარჩელის მტკიცება, რომლის თანახმადაც, გარდაცვლილი დის მიმართ იჩენდა მოვლა-პატრონობას, აღნიშნულს ახორციელებდნენ მხოლოდ მოპასუხეები და მოსარჩელე საერთოდ არ ცხოვრობდა დასახელებული საცხოვრებელი სახლის მისამართზე, თუ არ ჩავთვლით მისი სტუდენტობის პერიოდს. მოსარჩელეს გააჩნდა საკუთარი საცხოვრებელი ნუცუბიძის ქუჩაზე. ამასთან, არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა სახლის კარის ჩაკეტვის გარემოება. ამასთან, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ წარმოდგენილი მიუღებელი შემოსავლის ამსახველი დასკვნა არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცების დოკუმენტს, შეფასება განხორციელებულია ფართის ვიზუალური აღქმით და დასკვნა ობიექტურად ვერ ასახავდა საიჯარო ქირის ღირებულების დადგენას. წარმოდგენილი დოკუმენტი შეფასდა, როგორც არაკვალიფიციური, რადგან იგი შედგენილ იქნა ერთ-ერთ ინტერნეტ-საიტზე განთავსებული პროგრამის საშუალებით, რისი გამოყენებაც ნებისმიერ პირს შეეძლო. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდებოდა მოსარჩელის მხრიდან მიუღებელი შემოსავლისა და მოპასუხეების უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტიც. 

ამასთან, მოპასუხეების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელის სარჩელი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და რაზედაც არ მსჯელობდა თავად მოსარჩელე. კერძოდ, 2015 წლის 30 სექტემბერის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილით, როგორც მოსარჩელეს, ასევე მოპასუხეებს ეცნობათ, რომ  ათონელის ქუჩაზე მდებარე მათ თანასაკუთრებაში არსებული შენობა იმყოფებოდა მწვავე ავარიულ მდგომარეობაში და შესაბამისად, მისი შემდგომი ექსპლუატაცია სახიფათო იყო მცხოვრებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე მთაწმინდის გამგეობამ ბინის მცხოვრებლებს შესთავაზა გარკვეული ოდენობის თანხა სანაცვლო ბინის დასაქირავებლად, რაზედაც მხარეები დასთანხმდნენ. შესაბამსიად, აღნიშნულ მისამართზე, დაიწყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია და მობინადრეები გაყვანილ იქნენ სხვადასხვა ალტერნატიულ მისამრთზე ქირით. 2018 წლის 1 მაისიდან განხორციელდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სრული დემონტაჟი და დღესაც ობიექტი იმყოფება მშენებარე მდგომარეობაში. შესაბამისად, სასამართლომ საზიარო უფლების სარგებლობით მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა, იმ პირობებში, როდესაც არც ერთ მხარეს არ უსარგებლია თანასაკუთრებით, მიიჩნია უსაფუძვლოდ. 

ცნობისთვის: სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2018 წლის 25 მაისს. მოპასუხეების ინტერესები KB-ის სახელით ნიკა გოგბერაშვილმა წარმოადგინა. საქმე მოსამართლე: ლია ავალიშვილმა განიხილა.