KB - სააპელაციო სასამართლომ აუდიო ჩანაწერზე ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო

4.05.2019

KB - სააპელაციო სასამართლომ აუდიო ჩანაწერზე ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო

2019 წლის 3 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც ეხებოდა პროცესის მონაწილე მხარეებს შორის გაკეთებული აუდიო-ჩანაწერის მთლიანობისა და უწყვეტობის დადგენას, ხმების იდენტიფიცირებას და საუბრის ტექსტური სახით მომზადებას. KB-ის წარმომადგენლები საქმეში სწორედ სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე ჩაერთვნენ, დავა მიიჩნიეს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვნად და საქმეზე შექმნეს პირველი ინსტანციისგან განსხვავებული სტრატეგია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა მოქალაქის ინტერესების საწინააღმდეგოდ დასრულდა. 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 15 აგვისტოს ჟ. ო.-მ ზ. ბ.-ს ასესხა 11 000 აშშ დოლარი. რადგანაც იმ დროს ჟ. ო.-ს არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, გასესხების ნოტარიულად დაფიქსირებისათვის, სთხოვა მის ნაცნობს ა. ჩ.-ს, რომელიც თან ახლდა, რომ სესხი გაცემულიყო მისი სახელით. ა. ჩ., ისევე როგორც ზ. ბ. დათანხმდა და მათ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზ, ბ.-მა სესხის სახით მიიღო 11 000 აშშ დოლარი, თვეში 4% სარგებლისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ. ბ.-ის კუთვნილი უძრავი ქონება. მიღებული თანხა ზ. ბ.-ს უნდა დაებრუნებინა სამ თვეში. შესაბამისად, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ოფიციალურად გამსესხებელი იყო ა. ჩ, ჟ. ო.-მ მას ნოტარიუსისგან 2015 წლის 08 იანვარს ააღებინა სააღსრულებო ფურცელი სესხის ძირითად თანხაზე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი წარდგენილ იქნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თუმცა ზ. ბ.-მა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება. აღნიშნულ საქმეზე ჟ. ო. იყო ა. ჩ.-ის წარმომადგენელი. მას სასამართლოსთვის არ დაუმალავს, რომ სესხის თანხა იყო მისი და რეალური გამსესხებელი იყო თვითონ და არა ა. ჩ. ამას დაეთანხმა ზ. ბ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით, სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა, დაკმაყოფილდა ზ. ბ.-ს სარჩელი, თუმცა ზ. ო-ამ ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზება, რაც ზ.ბ.-მ არ ცნო და აღნიშნა, რომ ვალდებულება სრულად და ჯეროვნად ჰქონდა შესრულებული.

2018 წლის 21 ივნისის თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ჟ. ო.-ს სარჩელი ზ. ბ.-ს მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 000 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირ თანხას შეადგენდა - 11 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს - 1000 აშშ დოლარი. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მიერ შესრულებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ეკისრება მოპასუხე მხარეს. თუმცა, მას აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად შესაგებელში მითითებული ახსნა-განმარტების გარდა, არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება. მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნულის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ზ. ბ.ს- დასკვნები იმის შესახებ, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულად ჰქონდა შესრულებული. კერძოდ, მისმა მეუღლემ ბანკიდან აღებული სესხით, სრულად გადაიხადა სესხის ძირითადი თანხა - 11 000 აშშ დოლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად, მოპასუხეს ერთადერთ ვარგის მტკიცებულებად წარმოდგენილი გააჩნდა ჟ.ო-სთან შეხვედრისა და თანხის გადაცემის აუდიო-ჩანაწერი, სადაც მოპასუხის მეუღლე ჟ.ო-ს გადასცემს 9500 აშშ დოლარს და აღნიშნავს, რომ 1500 აშშ დოლარს გადასცემს მომდევნო დღეებში. გადასცა თუ არა მომდევნო დღეებში დარჩენილი თანხა მეუღლემ ჟ.ო-ს, აღნიშნულზე უკვე მსჯელობს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება, სადაც მოსამართლე აღნიშნავს, რომ ზ.ბ.-ს მეუღლე ორი დღის შემდეგ შეხვდა ჟ.ო-ს მოსკოვის პროსპექტზე და გადაიხადა 1500 აშშ დოლარი. 

KB-ის მიერ სრულფასოვნად იქნა შესწავლილი საქმის მასალები, გამოითქვა თანხმობა დავის წარმოებაზე და მომზადდა სააპელაციო საჩივარი. პირველ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს წარედგინა კანონთან შესაბამისი მტკიცებულებები და დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებასთან დაკავშირებით. ამასთან, დადგინდა, რომ 2016 წლის 10 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილების საქმის მასალებს დაერთო ზ.ბ.-ს მიერ წარდგენილი ჟ.ო.-სთან შეხვედრისა და თანხის გადაცემის ამსახველი ფარული აუდიო-ოქმი. მხარებს სასამართლო სხდომის არც ერთ ეტაპზე და ჟ. ო.-ს არც წარდგენილი შესაგებლის სახით, სადავო არ გაუხდია პირადი ჩანაწერის ფაქტი და არ მოუთხოვია აუდიო-ჩანაწერის CD დისკის სახით დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა. ჟ.ო-მ სადავო მხოლოდ აუდიო ჩანაწერის შინაარსობრივი მხარე გახადა. ჟ. ო.-მ აუდიო-ჩანაწერი CD დისკის სახით დაუსაბუთებელ მტკიცებულებად შეაფასა და არა დაუშვებელ მტკიცებულებად. სასამართლოს საქმიდან არ ამოუღია მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი აუდიო-ჩანაწერი CD დისკის სახით. სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება შეაფასა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში, მათ შორის ახსნა-განმარტების ეტაპზე მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, რომელიც სწორედ აღნიშნული აუდიო-ჩანაწერის მომზადების გარემოებებს ეხებოდა, ასახა მიღებულ გადაწყვეტილებაში. 2016 წლის 10 მარტის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „მოსარჩელის მეუღლის ი. ხ-ას მიერ 9 500 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს საქმეზე თანდართული მტკიცებულება აუდიო-დისკი (CD დისკი), ხოლო დარჩენილი თანხის 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარის გადახდა განხორციელდა 2 დღის შემდეგ მოსკოვის პროსპექტზე არსებული ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ წინ“ (სტილი დაცულია). 

სააპელაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქლააქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, "სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ". ამავე კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, "მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს, ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ." შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2018 წლის 21 ივნისის თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ იყო დასაბუთებული და სასამართლოს უნდა გაეზიარებინა კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება, მისი დასაბუთება, წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო-ოქმი, რომელიც გამორიცხავდა ზ.ბ-ს სესხის ხელშეკრულებით არსებული თანხის გადაუხდელობის ფაქტს. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, სააპელაციო საჩივრის ავტორმა წარუდგინა ორი შუამდგომლობა - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნის დასაშვებ მტკიცებულებად ცნობისა და კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების საქმეზე არსებული მასალების გამოთხოვისა და გაცნობის შესახებ. პალატამ ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვამდე, დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა და გამოთხოვილ იქნა პირველი საქმის მასალები, ხოლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მეორე შუამდგომლობა ექსპერტიზის დასკვნის დართვაზე, იყო საფუძვლიანი და პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მოთხოვნებს - „სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით".

2019 წლის 3 მაისის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დასრულდა და პალატა გადაწყვეტილებას 14 მაისს გამოიტანს. საქმეს მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე), თამარ ალანია და ქეთევან მესხიშვილი განიხილავს. სააპელაციო საჩივრის ავტორის ინტერესებს კომპანიის სახელით არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.