სასამართლომ გააუქმა ნორმა, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ საქმიანობას მონოპოლიად აქცევდა

24.05.2019

სასამართლომ გააუქმა ნორმა, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ საქმიანობას მონოპოლიად აქცევდა

საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანია „საქართველოს ფოსტის“ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისგან გათავისუფლება, მონოპოლიური საქმიანობის ნიშნებს შეიცავდა. გასაჩივრებული ნორმა, საჯარო უწყებებს აძლევდა შესაძლებლობას, ხელშეკრულების პირდაპირი დადების გზით შეეძინათ საფოსტო და საკურიერო მომსახურება, რაც ფაქტობრივად გამორიცხავდა ბაზრის სხვა სუბიექტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში შეჯიბრებითობის საფუძველზე მონაწილეობას. ამიტომ, ამ ნორმის საფუძველზე, უპირატესობა მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ ერთ ეკონომიკურ აგენტს, რაც ქმნიდა „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზარზე მონოპოლისტად დამკვიდრების სამართლებრივი წინაპირობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხი საბაზრო ეკონომიკის განვითარების ჭრილში განიხილა და აღნიშნა, რომ მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობების სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება. 


სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების მომწესრიგებელი კანონმდებლობა იცნობს გარკვეულ კომპლექსურ პროცედურებს, რომელთა შესაბამისადაც, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვა. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო ნორმა ცალკეულ სახელმწიფო ორგანოებს და სხვა სუბიექტებს, რომლებიც საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდებიან, აძლევს შესაძლებლობას, რომ საფოსტო და საკურიერო მომსახურება შპს „საქართველოს ფოსტისგან“ შეისყიდონ დადგენილი პროცედურული მოთხოვნების გვერდის ავლით.


მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, რომ აღნიშნული რეგულირებით კანონმდებელმა საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზრის მონაწილე ერთი პირისთვის დაადგინა შეღავათი, რითაც ბაზრის მონაწილე სხვა ეკონომიკურ აგენტებს შეუქმნა ხელოვნური ბარიერები და გამორიცხა კონკურენცია. მისი აზრით, სახელმწიფომ შექმნა შპს „საქართველოს ფოსტის“ მონოპოლისტად დამკვიდრების სამართლებრივი წინაპირობა, რათა საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზრიდან განედევნა სხვა, ანალოგიური სერვისის მომწოდები პირები. 


როგორც სასამართლომ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებული უფლება მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, არ შეზღუდოს კონკურენცია რომელიმე კონკრეტული ეკონომიკური აგენტისათვის (ან აგენტთა ჯგუფისათვის) სარგებლის მინიჭების გზით. სასამართლოს განმარტებით, სამეწარმეო თავისუფლების შეზღუდვა სახეზეა მაშინ, როდესაც საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით სახელმწიფო რომელიმე ეკონომიკურ აგენტს შერჩევითად ანიჭებს სარგებელს. განსახილველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ სახეზეა შერჩევითობის კომპონენტი, ვინაიდან გამოყენებული ღონისძიება მიემართება მხოლოდ ერთ ეკონომიკურ აგენტს - შპს „საქართველოს ფოსტას“. ამ შემთხვევაში, სწორედ ეკონომიკური აგენტისათვის სახელმწიფოს მიერ სარგებლის მინიჭებამ შექმნა საფრთხე კონკურენციისათვის და გამოიწვია ჩარევა მეწარმეობის თავისუფლებაში.


ამ მიზეზებიდან გამომდინარე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩათვლილი იქნა, როგორც „საქართველოს ფოსტის“ მიმართ სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მინიჭება, რაც, მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი გახდა. 

გიორგი ლაბაძე
იურიდიული კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატების“ იურისტი