KB-ის იურისტებმა, ორ ბიზნეს კომპანიას შორის დავა მორიგებით დაასრულეს

12.06.2019

 KB-ის იურისტებმა, ორ ბიზნეს კომპანიას შორის დავა მორიგებით დაასრულეს

2019 წლის 12 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, ორი ბიზნესს კომპანიას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი სამართლებრივი დავა, მორიგებით დასრულდა. KB-ის წარმომადგენლები სასამართლოში მოსარჩელე მხარის ინტერესებს წარმოადგენდნენ, რომელიც ხელშეკრულებაში წარმოდგენილი იქნა „გამყიდველის“ მხარის სტატუსით.    

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ივლისს, მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება. გამყიდველმა იკისრა ვალდებულება მყიდველისთვის შეკვეთის მიღებიდან 55 დღის ვადაში მიეწოდებინა, მის მიერ შეკვეთილი პროდუქცია. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა საფასურის გადახდის ვადა და პირობები. ხელშეკრულებით, აგრეთვე გათვალისწინებული იქნა პროდუქციის მიღებისა და ჩაბარების წესიც, კერძოდ, საქონლის გადაცემის მომენტად განისაზღვრა მოპასუხისთვის საქონლის მიწოდების თარიღი, რაც დადასტურდებოდა მხარეთა შორის საქონლის მიწოდებაზე, სასაქონლო ზედნადების გაფორმებით, რის შემდეგაც მოპასუხეზე გადავიდოდა საკუთრების უფლება საქონელზე.

2018 წლის 16 ივლისს, მოპასუხემ მოსარჩელეს შეუკვეთა ფარმაცევტული პროდუქცია, სულ 6000 აშშ დოლარის ღირებულების. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოპასუხემ შეკვეთის დღესვე განახორციელა შეკვეთილი პროდუქციის საერთო ღირებულების 50%-ის - 3000 აშშ დოლარის გადახდა. 2018 წლის 1 სექტემბერს, მოპასუხეს მოსარჩელის მხრიდან, სათანადო ფორმით ეცნობა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, შემოღებული იქნა გარკვეული რეგულაციები, შეკვეთილი პროდუქცია იმყოფებოდა კარანტინში, სადაც გადიოდა საბოლოო შემოწმებას ხარისხზე. აღნიშნული წერილით, მოსარჩელეს, აგრეთვე ეცნობა, რომ სატვირთო თვითმფრინავი თბილისში დაფრინავს გარკვეული პერიოდულობით და თუ მოესწრებოდა, 5 სექტემბერსვე მოხდებოდა გადმოგზავნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომ ოთხშაბათს - 12 სექტემბერს. 

მიუხედავად ამისა, ირანში შემოღებული რეგულაციების გამო, პროდუქციის გადმოგზავნა ვერ მოხდა მითითებულ ვადებში. 2018 წლის 8 ოქტომბერს მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და გადახდილი 3000 აშშ (ამერიკული) დოლარის უკან დაბრუნება. აღნიშნული წერილის საპასუხოდ, მოსარჩელემ განუცხადა, რომ ყოველგვარი ძალისხმევით ცდილობდნენ დაეჩქარებინათ მედიკამენტების ჩამოსვლა და როგორც მომწოდებელი აცხადებდა, ტვირთი ჩამოვიდოდა მომდევნო კვირაში. ამიტომაც ითხოვა დამატებითი ვადის დაწესება, რაზეც მოპასუხისგან უარი არ მიუღია.
2015 წლის 25 ოქტომბერს, მოპასუხემ შეთანხმებული წესით, მიიღო შეკვეთილი პროდუქცია, რაზეც გაფორმდა სასაქანლო ზედნადები და საქონელზე საკუთრების უფლება  გადავიდა შემძენზე. 

2018 წლის 01 ნოემბერს, მოსარჩელმ წერილით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მიწოდებული პროდუქციის საზღაურის 50%-ის (3000 აშშ დოლარის) გადახდა და რადგანაც მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროდუქციის მიწოდების ვადის დარღვევას, შექმნილი უხერხულობის გათვალისწინებით, თანხის გადახდის ვადად განუსაზღვრა პროდუქციის მიღებიდან 3 თვე - კერძოდ 2019 წლის 25 იანვარი. 

მიუხედავად ამისა, მოპასუხემ არ გადაიხადა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხის დარჩენიილი ნაწილი და მოსარჩელეს აცნობა, რომ არც აპირებდა აღნიშნული თანხის გადახდას და სურდა პროდუქტის ნახევრის უკან დაბრუნება, რაზეც მოსარჩელისგან მიიღო კატეგორიული უარი. შესაბამისად, მოსარჩელემ დარღვეული უფლების აღდგენის მიმართულებით, სარჩელით მიმართა სასამართლოს. 

KB-ის იურისტებმა შეხვედრების გზით, უშუალოდ აწარმოეს მოლაპარაკება მოპასუხე კომპანიის დირექტორთან, რა დროსაც შესთავაზეს თანხის გადახდის რამდენიმე თვით გადავადება, რაზედაც მიღებულ იქნა უარი და აღინიშნა, რომ კომპანია არ აპირებდა თანხის გადახდას და სურდა პროდუქციის ნახევრის უკან დაბრუნება. KB-ის იურისტებმა კვლავ გააგრძელეს მოლაპარაკების პროცესი. შესაბამისად, მოპასუხე კომპანია, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის კვლავ აღმოჩნდა თანამშრომლობის გაგრძელების ნება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი, ასევე KB-ის იურისტებმა შეასრულეს, დავის მორიგებით დასრულების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კომპანია დასთანხმდა 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მოსარჩელეს აუნაზღაუროს გადასახდელი თანხა - 3000 აშშ დოლარის ოდენობით. მასთან, მოპასუხე კომპანია დასთანხმდა მოსარჩელისთვის სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებას. სასამართლოს განჩინება მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ კანონიერ ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მასზე ხელმოწერის მომენტიდან. 

KB-ის სახელით, მოსარჩელის კანონიერი ინტერესები სასამართლოში კომპანიის იურისტმა, ნიკა გოგბერაშვილმა წარმოადგინა. საქმე მოსამართლე თინათინ ეცადაშვილმა განიხილა.