KB - 36,926 ლარის ვალის გამო, სასამართლომ ყოფილი მოსამართლის და მოქმედი ადვოკატის ქონება დააყადაღა

2.11.2019

KB - 36,926 ლარის ვალის გამო, სასამართლომ ყოფილი მოსამართლის და მოქმედი ადვოკატის ქონება დააყადაღა

KB-ის წარმომადგენლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყოფილ მოსამართლეს და მოქმედ ადვოკატს აეკრძალა ქ. თბილისში, საკუთრებაში არსებული 96.55 კვ.მ ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. KB, ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, არ მიუთითებს მოპასუხე მხარის ვინაობას და შემოიფარგლება მხოლოდ დავის მოკლე ისტორიით.

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2013 წლის 4 სექტემბერს გაფორმდა საადვოკატო (იურიდიული) მომსახურების (დაცვის) ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ადვოკატის ვალდებულება, დაეცვა მოსარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესები დავაში სახელმწიფოს წინააღმდეგ, უძრავ ქონებაზე (მიწაზე) სახელმწიფო საკუთრების უფლების გაუქმებისა და საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით. მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მოპასუხისთვის ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ვადებსა და ოდენობით გადაეხადა იურიდიული მომსახურების საფასური. მხარეთა შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, განიმარტა შემდეგი - ამ ხელშეკრულებისთვის მომსახურებად ჩაითვლებოდა მხარეთა შორის ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, წარმოიშობოდა თუ არა ფაქტობრივი მომსახურეობის საჭიროება. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ა) წინასასამართლო ეტაპისთვის (კლიენტის მოსმენა, საქმის მასალების გაცნობა, კონსულტაცია, საგამოძიებო ან/და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა) და ინსტანციური წესით, მოსარჩელე მოპასუხეს წარმომადგენლობისთვის აუნაზღაურებდა 1000 ლარს, ბ) საათობრივი ანაზღაურების დროს, ყოველი ერთი საათი უნდა ანაზღაურებულიყო 100 ლარის ოდენობით, რაც დადასტურებულ უნდა ყოფილიყო მომსახურების აღრიცხვის ბარათით, გ) სასამართლო პროცესის წარმატებით, რაც განმარტებულია, როგორც "მოგება", შემთხვევაში, მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა გადაეხადა მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრებული ან/და მორიგების აქტით განსაზღვრული ან/და ქონების საბაზრო ღირებულების 05% (ასეთ შემთხვევაში, გადასახდელ ღირებულებას უნდა გამოკლებოდა უკვე ანაზღაურებული თანხების ოდენობა). ამასთან, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა საადვოკატო მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო დამატებითი ხარჯები (მიმოსვლა, მივლინება, ა.შ) აღნიშნული ანაზღაურება უნდა მომხდარიყო მოპასუხის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისთვის აღმოეჩინა დროული და კვალიფიციური მომსახურება, ცალმხრივად არ ეთქვა უარი მოსარჩელის დაცვაზე, დროის არც ერთ მონაკვეთში, უარი არ განეცხადებინა მოსარჩელის იურიდიულ მომსახურებაზე.

დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს იურიდიული მომსახურების სახით, სულ გადაუხადა - 40,926 ლარი. აქედან 2000 ათასი ლარი გადახდილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისთვის, ინსტანციური პრინციპის გათვალისწინებით. კერძოდ, 2013 წლის 7 ოქტომბერს ადვოკატის ჰონორარის დანიშნულებით, მოპასუხემ მიიღო - 1000 ლარი, ასევე 2013 წლის 24 დეკემბერს - 1000 ლარი, ხოლო 2014 წლის 17 ივნისს გადახდილი - 2000 ლარი, ასევე, 2015 წლის 22 მაისს გადახდილი - 14,000 ლარი და 2017 წლის 10 მარტს გადახდილი - 22,926 ლარი, ერთად, წარმოადგენდა ავანსის სახით, დავის მოგებით დასრულების პირობით, მოპასუხის მიმართ გადახდილ თანხას, რაც წარმოადგენდა სადავო ქონების ღირებულების 0.5%-ს. აღნიშნული შესახებ ყველა მტკიცებულება თან ერთვის სარჩელს.

მოსარჩელე სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით და არაერთ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხის მხრიდან არაკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას, რამაც განაპირობა საქმეზე მხარეთა შორის შეთანხმებული პირობებით, შედეგის გარეშე - საკუთრებაზე უფლების აღიარებაზე - მიღებული გადაწყვეტილებები. ამასთან, მოსარჩელე არ ფლობდა ინფორმაციას იმ პროფესიულ შეცდომებზე, რომელიც სამართალწარმოების პროცესში დაფიქსირდა. კერძოდ, საქართველოს უზენაესს სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარდგენაზე თვითნებურად უარის თქმის შესახებ და სასარჩელო მოთხოვნების დაყენებაზე იმგვარად, რაც არ ყოფილა შეთანხმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით, არც ზეპირსიტყვიერად.

მოსარჩელემ 2019 წლის 15 ივლისის წერილით კვლავ მიმართა მოპასუხეს და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება მოიშალა, მოპასუხე განზრახ გაურბოდა სამართლებრივი პასუხისმგებლობას და შეთავაზებული იქნა წერილის ჩაბარებიდა 10-დღიანი ვადა თანხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად, რაც გავიდა უშედეგოდ.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ავანსის სახით გადახდილი თანხის - 36,926 ლარის დაბრუნება. მხარე აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2000 ათასი ლარი გადაუხადა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისთვის, ინსტანციური პრინციპის გათვალისწინებით. კერძოდ, 2013 წლის 7 ოქტომბერს ადვოკატის ჰონორარის დანიშნულებით, მოპასუხემ მიიღო - 1000 ლარი, ასევე 2013 წლის 24 დეკემბერს - 1000 ლარი. მიუხედავად საქმისწარმოების პროცესში გამოვლენილი ხარვეზებისა და პროფესიული შეცდომებისა, იგულისხმება, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს კეთილსინდისიერად გადაუხადა ინსტანციური წესით შეთანხმებული წარმომადგენლობითი მომსახურების ღირებულება. რაც შეეხება 2014 წლის 17 ივნისს გადახდილ 2000 ლარს, მოსარჩელე განმარტავს, რომ მართალია, აღნიშნული თანხა წარმოადგენს ავანსის სახით, დავის მოგებით დასრულების პირობით, მოპასუხის მიმართ გადახდილ, სადავო ქონების ღირებულების 0.5%-ში შემავალ თანხას, მაგრამ მოსარჩელე მოპასუხისგან არ მოითხოვს დასახელებული თანხის უკან დაბრუნებას შემდეგ გარემოებათა გამო. კერძოდ, მხარეთა შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით შეთანხმებულია, რომ საათობრივი ანაზღაურების დროს, ყოველი ერთი საათი უნდა ანაზღაურებულიყო 100 ლარის ოდენობით, რაც დადასტურებულ უნდა ყოფილიყო მომსახურების აღრიცხვის ბარათით, მასთან, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა საადვოკატო მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო დამატებითი ხარჯები (მიმოსვლა, მივლინება, ა.შ) აღნიშნული ანაზღაურება უნდა მომხდარიყო მოპასუხის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე. მართალია, მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ არის საათობრივი ანაზღაურების ან/და დამატებითი ხარჯების აღრიცხვის ფურცლები, მაგრამ მოსარჩელე საკითხს განიხილავს კეთილსინდისიერი მხარის პოზიციებიდან და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმებით, დასტურდება მოპასუხის საათობრივი წარმომდგენლობითი, ფაქტობრივად შესრულების უფლებამოსილება. მთლიანობაში, აღნიშნული არ აღემატება 2000 ლარს. ამიტომაც, მოსარჩელე მიუთითებს, რომ არ მოითხოვს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს გამო დასახელებული თანხის უკან დაბრუნებას და სადავოდ ხდის ავანსის სახით გადარიცხული 36,926 ლარის ანაზღაურებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 13 ნოემბერს გაიმართება. მოსარჩელის ინტერესებს კომპანიის დირექტორი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.