დიპლომატიური იმუნიტეტი - კონგო ბელგიის წინააღმდეგ და ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება

8.05.2020

დიპლომატიური იმუნიტეტი - კონგო ბელგიის წინააღმდეგ და ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება

ბელგიის გამომძიებელმა მოსამართლემ 2000 წლის 11 აპრილს დაუსწრებლად გამოიტანეა გადაწყვეტილება იმდროინდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ საერთაშორისო ცირკულარით დაკავების ორდერის მიღების თაობაზე.

მინისტრს ბრალად ედებოდა 1949 წლის ჟენევის კონვენციისა და მისი დამატებითი პროტოკოლების დარღვევა, ისევე, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა. შედეგად, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული თანამდებობა დატოვა.

აღნიშნული ორდერი გადაეგზავნა კონგოს დემოკრატიულ სახელმწიფოს, ისევე, როგორც ინტერპოლს - ცირკულარით ძებნის დაწყების მიზნით.

სწორედ ამ საფუძვლით, კერძოდ, ბელგიის სამეფოს მიერ საერთაშორისო დაკავების ორდერის მიღების გამო, 2000 წლის 17 ოქტომბერს კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაარეგისტრირა განცხადება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ბელგიის წინააღმდეგ - აღნიშნული საერთაშორისო დაკავების ორდერით ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ეკისრებოდა ვალდებულება, განეხორციელებინა მინისტრის ექსტრადირება ბელგიის სამეფოში, მის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების სერიოზული დარღვევის გამო.

განმცხადებელი აღნიშნავდა რომ ბელგიის სამეფომ დაარღვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მეორე მუხლი, რომელიც განსაზღვრადა სახელმწიფოთა იურისდიქციასა და სხვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემის ფუძემდებლურ პრინციპებს. აგრეთვე, მათი მტკიცებით, დარღვეული იყო 1961 წლის 18 აპრილის ვენიც კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, რადგანაც ამავე კონვენციის 41-ე მუხლის მეორე პარაგრაფი განსაზღვრავდა, რომ იმ დიპლომატიური იმუნიტეტის არსებობის წესს, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონა. კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდა ბელგიის სახელმწიფოს ინფორმირება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ad hoc წესით, მათ მიერ კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნა. მხარეებს დაევალათ მემორანდუმისა და კონტრმემორანდუმის წარმოდგენა, რომელიც შეეხებოდა სასამართლოს იურისდიქციას, სარჩელის დასაშვებობისა და საქმის კონკრეტულ გარემოებებს, საქმის არსის დასადგენად.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მიუთითებდა ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის იმ ნორმების დარღვევაზე, რომელიც სისხლისსამართლებრივი პროცესისგან დაცვის იმუნიტეტით აღჭურვავს თანამდებობაზე მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრებს. ამ მიზნით კი ითხოვდა სასამართლოსგან, რომ ერთი მხრივ, გაუქმებულიყო აღნიშნული დაკავების ორდერი, ხოლო მეორე მხრივ, ბელგიის სამეფოს დაკისრებოდა შეტყობინების ვალდებულება ყველა იმ სახელმწიფოსი, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების გამო საგარეო საქმეთა მინისტრის ცირკულარით ძებნა დაიწყეს.

ბელგიის სამეფო კი წარმოდგენილ საწინააღმდეგო პოზიციაში აღნიშნავდა, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, განეხილა აღნიშნული საქმე ამ ამ მტკიცებაზე დაყრდნობით, გამოეტანა გადაწყვეტილება განცხადების დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

პოზიციაში განსაზღვრული იყო, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის, ბელგიის კანონმდებლობით, ბელგიის სახელმწიფო იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა დამნაშავეზე სისხლისსამართლებრივი იურისდიქცია, მიუხედავად იმისა, თუ სად იქნა ჩადენილი დანაშაული. მეტიც, ვინაიდან და რადგანაც „ძებნილი პირი“ აღარ იკავებდა განცხადების განხილვის დროს თანამდებობას მინისტრის პოსტზე ან, ზოგადად, კონგოს მთავრობაში, აღარ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი დავის გაგრძელების.

ბელგიის სამეფო თავის მსჯელობა აგებდა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე ზუსტად, რომ მართალია დაკავების ორდერის გამოტანამდე მინისტრი იყო შესაბამისი უფლებამოსილებებით აღჭურვილი, მაგრამ დავის განხილვის მომენტში, რადგანაც იგი აღარ ითვლებოდა პოლიტიკური თანამდებობის პირად. შესაბამისად, სამართლებრივი დავა მხარეებს შორის გამორიცხული იყო. ამის საპასუხოდ კი საერთაშორისო სისხლის სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებული სამართლებრივი წესრიგის საფუძველზე, სასამართლოს იურისდიქცია დგინდება იმ მომენტისთვის, როდესაც მოხდა შესაბამისი განცხადების რეგისტრაცია, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის მოვლენები განხორციელდა განცხადების რეგისტრაციის შემდგომ.

მეტიც, „სამართლებრივი დავა“ მან განმარტა ფართოდ და აღნიშნა, რომ ამ ტერმინში იგულისხმება არა საქმის წარმოება რომელიმე სახელწმიფოს სასამართლოში, ან სასამართლოს რომელიმე ინსტანციაში, არამედ სამართლებრივ დავად ითვლება, სამართლის მიზნებიდან გამომდინარე, ვითარება, როდესაც არსებობს შეუთანხმებლობა,  სამართლებრივი ხედვებისა თუ ინტერესების კონფლიქტი პირებს შორის, როდესაც ერთი მხარის მოთხოვნა არის საპირისპირო პოზიციაში მეორე მხარის მოთხოვნასთან. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ პრობლემა იურისდიქციაში ნამდვილად არ არსებობდა და ბელგიის სამეფოს ეს მოთხოვნა - იურისდიქციის არ არსებობის მიზნით სარჩელის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, დამატებით, განმარტა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია შემთხვევები, როდესაც განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან კონკრეტული ღონისძიებების გატარებამ შესაძლებელია განცხადება დავის საგნის გარეშე აქციოს და შესაბამისად, სასამართლოს შეუზღუდოს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა, სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა არ იწვევს სამართლებრივი დავის დასრულებას მხარეებს შორის, რადგანაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მიიჩნევს, რომ ორდერი გამოწერილ იქნა კონკრეტულ პირთან მიმართებაში და ეს ორდერი იყო და არის უკანონო. შესაბამისად, მიმართავს სასამართლოს უკანონობის დასადასტურებლად.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, რომ საერთაშორისო სამართალში მკაცრადაა დადგენილი ის წესი, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ თანამდებობის პირებს, პრეზიდენტს, მთავრობის ხელმძღვანელს, საგარეო საქმეთა მინისტრს, აგრეთვე დიპლომატიურ და საკონსულო აგენტებს, აქვთ იმუნიტეტი, რომელიც მათ იცავთ როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართალწარმოებისგან.

მეტიც, ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლით რეგულირებული წესი, რომელიც ანიჭებთ საგარეო საქმეთა მინისტრებს იმუნიტეტს, მიზნად პირად სარგებელს კი არ ისახავს, არამედ მათი ფუნქციის, უფლება-მოვალეობების ეფექტურ განხორციელებას, სახელმწიფოთა მიმართ პატივისცემის გამოხატვის კუთხით. მაგალითსათვის, ვენის 1969 წლის კონვენციაზე დაყრდნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ პირი, რომელიც სახელმწიფოს აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელია დიპლომატიურ ღონისძიებებში, როგორც წესი, წარმოადგენს სახელწმიფოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში და სახელმწიფოთაშორის შეხვედრებში.

ამ მიზნით, მათ ხშირად უწევთ გადაადგილება საზღვრებს შორის და იმისათვის, რომ მათ ვალდებულებების შესრულებაში ხელი არ შეეშალოთ, ამ კუთხით, თავს უნდა გრძნობდნენ თავისუფლად და უსაფრთხოდ. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოები უპირველესად სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრების მეშვეობით ურთიერთობენ,  ისინი საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით არიან სახელმწიფოთა წარმომადგენლებად მიჩნეულნი. შესაბამისად, მათი უფლებამოსილებების განხორციელების დროს ისინი სარგებლობენ სრული იმუნიტეტით სისხლის სამართლის საქმეებისგან და მათი ფიზიკური ხელშეუხებლობა გარანტირებულია.

შესაბამისად, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ, ხმათა უმრავლესობით (15/1) უარი უთხრა ბელგიას იმ მტკიცებაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა საქმე - დააკმაყოფილა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის განცხადება და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ 2000 წლის 11 აპრილს მიღებული საერთაშორისო დაკავების ორდერი და საერთაშორისო ცირკულაციის გადაწყვეტილება წარმოადგენდა ბელგიის სამეფოს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას, იმ საფუძვლით, რომ ბელგიის სამეფომ ვერ შეძლო გაეთვალისწინებინა კონგოს საგარეო საქმეთა მინისტრის ის სისხლის სამართლის საქმეებისგან დამცავი იმუნიტეტი, რომელიც ამ პირს საერთაშორისო სამართლის გავლენით ჰქონდა მინიჭებული. სწორედ ამიტომაც, ბელგიის სამეფოს დაევალა გაეუქმებინა აღნიშნული გადაწყვეტილება და ამის შესახებ გაეგზავნა ყველა იმ სახელმწიფოსთვის შეტყობინება, ვისთანაც საერთაშორისო დაკავების ორდერის საქმეზე ჰქონდა კომუნიკაცია.

მოამზადა: ნიკა მენოგნიშვილმა

კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატების“ იურისტი