KB იურისტებმა ახმეტელის თეატრიდან უკანონოდ გათავისუფლებულის საქმე მოიგო

11.02.2015

KB იურისტებმა ახმეტელის თეატრიდან უკანონოდ გათავისუფლებულის საქმე მოიგო

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მიმართ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფის სარჩელი დაკმაყოფილდა, რითაც უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის, თამარ მედოევის საქმეზე, გამამართლებელი შედეგი დადგა.

ორგანიზაცია სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრიდან პიროვნული შეუთავსებლობის მოტივით, სამსახურიდან გათავისუფლებული თამარ მედოევის ინტერესებს იცავდა. თეატრის ადმინისტრაციამ თამარ მედოევი 2014 წლის 10 აპრილს გაათავისუფლა. თეატრის ახალი ხელმძღვანელის, ირაკლი გოგიას მიერ გათავისუფლების ბრძანება, ოფიციალურად, ჩატარებული რეორგანიზაცია გახდა. თამარ მედოევის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია, რომ ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგიამ დაამტკიცა ახალი საშტატო განრიგი, რომლის შესახებაც, სამხატვრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თეატრს ჩატარებოდა სტრუქტურული ოპტიმიზაცია, სწორედ ეს ოპტიმიზაცია გახდა თამარ მედოევის  გათავისუფლების მიზეზი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მტკიცება სასამართლომ გაიზიარა, რომლის მიხედვითაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია ორგანიზაციულ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელს გახდიდა სამუშაო ძალის შემცირებას. თეატრის ახალ ხელმძღვანელს, სინამდვილეში, კადრების ოდენობა არ შეუმცირებია. მოხდა ისე, რომ „არასასურველი" თანამშრომლები „სასურველი" თანამშრომლებით შეცვალეს. მეტიც, გაიზარდა კადრების რაოდენობაც. შესაბამისად, გათავისუფლება ოპტიმიზაციის საფუძვლით, თავიდანვე დაუსაბუთებელი იყო და წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამის მოთხოვნებთან.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების ბრძანება, იმ საფუძვლით, რომ გათავისუფლება განხორციელდა უკანონოდ და შრომის კოდექსის დარღვევით. სასამართლომ თეატრს დააკისრა იძულებითი შრომის განცხადუნის ანაზღაურება 2700 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ განიხილა. თამარ მედოევის ინტერესები იურისტმა ანა კიკნაძემ დაიცვა.