KB წარმომადგენლობით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოხდა

5.04.2017

KB წარმომადგენლობით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოხდა

2017 წლის 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა KB-ის წარმომადგენლების სარჩელი და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და მასთან ერთად, მიიღო დაუყოვნებლივ აღსრულების გადაწყვეტილება. კომპანიის იურისტების მეშვეობით, მოქალაქე მერაბ ა.–მ 2016 წლის სექტემბერში მიმართა და აღნიშნა, რომ 2008 წლის 5 ივნისს, მოსარჩელესა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შორის (საჯარო უწყებების მაშინდელი დასახელება) დაიდო უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, დიდგორის ქუჩა #22–დან ა) მიწის ნაკვეთი საერთო ფართი 871.6 კვ.მ და მასზე მდებარე შენობა–ნაგებობები #1 და #3 და ბ) მიწის ნაკვეთი საერთო ფართი 266.9 კვ.მ შენობა–ნაგებობების გარეშე, რომელიც მოხაზულია ლურჯი ფერით, გადავიდა მოსარჩელის საკუთრებაში, ხოლო ამ ხელშეკრულებაზე თანდართული აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთი საერთო ფართი 1138.5 კვ.მ და მასზე მდებარე შენობა–ნაგებობები #2 და #4, რომელიც მოხაზულია წითელი ფერით, ცნობილ იქნა სახელმწიფოს საკუთრებად.

მოცემულ შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენდა მოპასუხე პირის მოქმედებები, რომელიც მერაბ ა.–ს შესაძლებლობას არ აძლევს ესარგებლა მის საკუთრებაში არსებული პრივატიზებული ქონებით. აღნიშნული ფართი, უკვე მრავალი წელია, მოპასუხე პირის ფაქტობრივ გამგებლობაში იმყოფებოდა. მოპასუხეს თვითნებურად გააჩნდა ტერიტორია ღია მესრით შემოსაზღვრული და არ ემორჩილებოდა კანონისმიერ მოთხოვნებს, მათ შორის ქონების მესაკუთრის, მერაბ ა.–ს მიმართვებს, რომ გაეთავისუფლებინა ტერიტორია. აღნიშნული პირდაპირ ლახავდა მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და წარმოადგენდა საკუთრების უფლების არამართლზომირ ხელყოფას.

სასამართლო გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ბაჟი და წარმომადგენლობითი მომსახურების ღირებულება.