KB იურისტებმა გარდაცვლილი ნოტარიუსის შეცდომა დაძლიეს და პირის თანამესაკუთრეობა დადგინდა

5.04.2017

KB იურისტებმა გარდაცვლილი ნოტარიუსის შეცდომა დაძლიეს და პირის თანამესაკუთრეობა დადგინდა

2017 წლის 27 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ აღიარებასთან დაკავშირებით, სრულად დააკმაყოფილა KB-ის წარმომადგენლების სარჩელი, ხოლო მხარეთა მიერ სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმით, პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

1998 წლის 31 ივლისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანების საბინაო მომსახურების ცენტრსა და მოქალაქეებს გიორგი ბ.–ს, ნანა ბ.–ს, ნონა ბ.–ს, ნაილი ბ.–სა და მალხაზ ბ.–ს შორის, გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელთ, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ბინა. 2013 წლის 2 ივლისს, ნონა ბ.–მ განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ზემოთ აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა მას უარი უთხრა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილ ხელშეკრულებაში არ იყო ყველა თანამესაკუთრის, კერძოდ, ნაილი ბ.–ს ხელმოწერა. ამასთან, ნონა ბ.–ს განემარტა, რომ უნდა წარედგინა კორექტირებული ხელშეკრულება და ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, მოხდებოდა უფლების რეგისტრაცია.

მოცემულ შემთხევვში, ხელშეკრულების კორექტირება ვერ მოხერხდა, რადგან ნოტარიუსი, რომელმაც ის დაამოწმა, გარდაცვლილია. შესაბამისად, იმისათვის, რომ შედგომში მომხდარიყო აღნიშნული ქონების ყველა თანამესაკუთრის სახელზე დაუბრკოლებლად საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ნაილი ბ.–მ აღიარებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თანამესაკუთრედ აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა KB წარმომადგენლები სამართლებრივი დასაბუთება. შესაბამისად, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის სასარგებლოდ, დადგა დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება.