KB - სააპელაციო პალატამ საქმე ხელახალ განსახილველად პირველ ინსტანციას დაუბრუნა

12.04.2017

KB - სააპელაციო პალატამ საქმე ხელახალ განსახილველად პირველ ინსტანციას დაუბრუნა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით, KB წარმომადგენელთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. 

KB წარმომადგენლები საერთო სასამართლოებში წარმოადგენს ერთ-ერთი შპს-ს ინტერესებს და მოთხოვნილია სადავო მოძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. დავის ისტორიის თანახმად, შპს-სა და ს.ს-ს ფლობელებს შორის, 2011 წელს მოხდა ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ს.ს.-მ შპს-ს მიჰყიდა ბეტონის საქაჩი მანქანა. ანგარიშსწორება მოხდა ნაღდი ფორმით, თუმცა ბეტონის საქაჩი მანქანა საკუთრების სახით არ გადაფორმებულა შპს-ს სახელზე. 2014 წელს გარდაიცვალა ს.ს-ს მფლობელი, ხოლო დღემდე, საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ს.ს.-ს მიმართ დაწყებული აქვს გაკოტრება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, KB წარმომადგენლების მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, დაკითხული მოწმის ჩვენების საფუძველზე, დადასტურებულ იქნა მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფაქტი, თუმცა სასამართლომ შპს-ს სასარჩელო მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, რომლის სამართლებრივ საფუძვლადაც მიუთითა „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწლი: „მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება“. 

KB წარმომადგენლების მიერ სააპელაციო საჩივით წარდგენილი მოთხოვნა შეადგენდა:

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილობა და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, შპს-ს საჩივარის დაკმაყოფილება; 
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ამავე კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ს.ს.-ს სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გასვისების აკრძალვის გაუქმების შესახებ;
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინების ბათილად ცნობა ს.ს.-ს მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ (შემადგენლობა: ნატალია ნაზღაიძე, ქეთევან მესხიშვილი, ნათია გუჯაბიძე) თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად, პირველი ინსტანციის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის და გაუთვალისწინებლობის გარემოება მიუთითა და აღნიშნა, რომ „სააღსრულებლო წარმოების შესახებ“ კანონის მოთხოვნების თანახმად, დავის მონაწილე მხარეების განსაზღვრისას აუცილებელი გახლდათ ს.ს.-ს გაკოტრების პროცესში არსებული კრედიტორების მხარედ წარმოდგენა და მათი ინტერესების დაცვაც, ვინაიდან საქმეზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, კრედიტორებს გააჩნდათ უფლება მოეთხოვათ შპს-ს სასარგებლოდ მიღებული შესაძლო გადაწყვეტილების კანონიერების გადახედვა.