KB - სააპელაციო პალატამ მოქალაქეს სამართლიანი სასამართლოს უფლება დაუბრუნა

12.05.2017

KB - სააპელაციო პალატამ მოქალაქეს სამართლიანი სასამართლოს უფლება დაუბრუნა

2017 წლის 11 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატიის განჩინებით, ამავე სასამართლოს მიერ მიღებული 2016 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე საქმისწარმოება განახლდა. სასამართლომ (თავმჯდომარე მოსამართლე: ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი და ლევან გვარამია) დააკმაყოფილა KB-ის წარმომადგენლების საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის იურიდიული საფუძვლების თაობაზე, რომლითაც კ.გ-ს წართმეული ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. 

თბილისის სააპელაცო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაფუძნებული გახლდათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად აღნიშნა, რომ აპელანტი კ. გ. სატელეფონო აქტით გაფრთხილებულ იქნა საქმეზე 2016 წლის 29 დეკემბრის სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე. აპელანტი არ გამოცხადდა სხდომაზე. სასამართლომ მოისმინა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, მიიჩნია ის საფუძვლიანად და დააკმაყოფილა. 

აპელანტმა საქმეზე შეცვალა ადვოკატი და 2017 წლის 30 მარტს საჩივრით მიმართა სასამართლოს. KB-ის წარმომადგენლობით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დასაბუთდა შემდეგი გარემოებებით:

საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, სასამართლომ ღირსი ინტერესი არ დაუთმო დანაწესით დადგენილ „სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოების“ ფაქტს და ამ ფაქტის შესაბამისობას მოსარჩელის (აპელანტის) უფლების სამართლიანი სასამართლოს წესით დაცვის საკითხთან. სასამართლო აპელანტმა 2016 წლის 28 დეკემბერს, წერილობითი ფორმით ჩააყენა საქმის კურსში და იშუამდგომლა სხდომის საპატიო მიზეზით გადადებასთან დაკავშირებით. აპელანტის მხრიდან აღნიშნულის თაობაზე განსაკუთრებულ ობიექტურ მიზეზად დაასახელა იმჟამად კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე გამოთქმული უარი. შესაბამისად, აპელანტი, რომელიც არ არის იურიდიული განათლების მქონე პიროვნება, შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის მქონე წარმომადგენლის გარეშე, ვერ შეძლებდა დაცვის უფლების განხორციელებას. ამიტომაც, სასამართლომ სამართალწარმოებაში აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპის – ობიექტური გარემოების გათვალისწინების გარეშე, მიიღო დავის მონაწილე მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპიდან გამომდინარე, არათანაზომიერი, არაპროპორციული გადაწყვეტილება და სრულიად დაუსაბუთებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონისმიერი საფუძვლები. აპელანტი რომ გამოცხადებულიყო სასამართლოს ხდომაზე, ვერ შეძლებდა უფლების დაცვას იურიდიული სპეციფიკიდან გამომდინარე. ამასთან, მხარემ სასამართლოს შუამდგომლობითი განცხადებით მიმართა სხდომამდე ერთი დღით ადრე – 28 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, ხოლო სხდომა 29 დეკემბერს იყო დანიშნული და მას არც გონივრული ვადა გააჩნდა, თუნდაც საადვოკატო ჰონორარის მოძიების თვალსაზრისით, რომ 29 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე კვალიფიციური ადვოკატის სტატუსში მყოფი წარმომადგენლით გამოცხადებულიყო. მეტიც, სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტის 2016 წლის 28 დეკემბრის წერილობით შუამდგომლობაზე სხდომის გადადების თაობაზე, ისე მოახდინა მოწინააღდმეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილება. აპელანტს მიაჩნია, რომ სრულიად უსაფუძვლოდ, არამართლზომიერად შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, წარმოდგენილი და დასახელებული ობიექტური მიზეზი კი ქმნიდა სხდომის გადადების თანაზომიერ და სამართლიან გადაწყვეტილების აბსოლუტურ საფუძვლებს. 

მოცემულ საქმეზე, დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით გადაცემული 13, 570 ლარისა და 100 აშშ დოლარის დაკისრება.