სახელმწიფო ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფაზე თანაბრად - 50 ლარი გახდა

20.05.2017

სახელმწიფო ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფაზე თანაბრად - 50 ლარი გახდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 დეკემბერს, არაკონსტიტუციურად სცნო იურიდიული პირების მიმართ უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის მე-14-მუხლიდან გამომდინარე დაადგინა, რომ არათანაბარ პირობებში აყენებს იურიდიულ პირს აღნიშნული ნორმა ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ვინაიდან თანასწორობის პრინციპის მიზანია არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწორო მოპყრობა და პირიქით.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს პარლამენტის პოზიცია, რომ იურიდიული პირების მხრიდან რისკი იმისა, რომ წარდგენილ იქნეს უფრო მეტი უსაფუძვლო სარჩელი (უზრუნველყოფა)  რომლებიც გადატვირთავს სასამართლოს, არის უფრო მაღალი, ვიდრე ფიზიკური პირების მხრიდან.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რეალური და რაციონალური კავშირი სადავო ნორმის მიზანსა და შერჩეულ საშუალებას შორის ვერ დგინდება. მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირები თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან, მართალია, იურიდიული პირი ძირითადად სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იურიდიული პირი ყოველთვის მატერიალურ სიძლიერეს განიცდის. ფიზიკური პირი შეიძლება იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი, მაშინ როდესაც იურიდიულ პირს ჰქონდეს ფინანსური პრობლემები.

ასევე, სამართლებრივ სტატუსში სხვაობის მიუხედავად, ფიზიკური პირიც და იურიდიული პირიც საერთო სასამართლოებს საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართავენ და მათთვის კონსტიტუციით თანაბრად დაცული უფლების რეალიზებას ახდენენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ე) ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სამართალწარმოების სახელმწიფო ბაჟის დაწესება სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით  არ ხდება. შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის მიზანია აცილებულ იქნეს უსაფუძვლო სარჩელები.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იურიდიული პირები და ფიზიკური პირები თანასწორები არიან, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დაწესების მიზანს წარმოადგენს უსაფუძვლო სარჩელების აცილება, შესაძლოა წამოიჭრას საკითხი სარჩელის ძირითადი ბაჟების მიმართ უთანასწორობის თაობაზე. ვინაიდან ფიზიკური პირებისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოში მაქსიმალური ბაჟია 3 000 ლარი ხოლო იურიდიული პირებისთვის 5 000 ლარი.