რა შემთხვევაში აქვთ დამსაქმებლებს დასაქმებულთა მიმოწერაზე წვდომის უფლება?

7.09.2017

რა შემთხვევაში აქვთ დამსაქმებლებს დასაქმებულთა  მიმოწერაზე წვდომის უფლება?
2016 წლის 12 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება Barbulescu V. Romania ქეისის შესახებ. აღნიშნული საქმე ეხებოდა დამსაქმებლის უფლებას ჰქონოდა წვდომა დასაქმებულის პირად მიმოწერაზე. გადაწყვეტილების შინაარსი და მისი სამართლებრივი მხარე მასობრივად არასწორად იქნა აღქმული მას-მედიის მხრიდან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განვიხილოთ, კონკრეტული შემთხვევის ფარგლებში, თუ რას მოიცავს ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი და რა შედის მისი დაცვის უშუალო სფეროში. 
საქმის ფაქტობრივი გარემოებები - 2007 წელს Mr. Barbulescu გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან დირექტორის მიერ კომპანიის შიდა რეგულაციების დარღვევის გამო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად ედებოდა Mr. Barbulescu-ს მიერ სამსახურეობრივი მაილის გამოყენება საცოლესა და ძმასთან საკონტაქტოდ. შრომის შინაგანაწესი განსაზღვრავდა, რომ აღნიშნული Yahoo Messenger account-ის გამოყენება პირადი მიზნებისათვის დაუშვებელი იყო. Mr. Barbulescu-მ უსამართლოდ მიიჩნია მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და უარყო მეილით ახლობლებთან ურთიერთობის ფაქტი. ამ ქმედების საპასუხოდ დირექტორმა აჩვენა მეილის ამონაწერი, რითიც საპირისპირო მტკიცდებოდა.
Mr. Barbulescu-მ სარჩელი აღძრა რუმინეთის საქალაქო სასამართლოში და მიუთითა, როგორც რუმინეთის შიდა კანონმდებლობისა და კონსტიტუციის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაზე. რუმინეთის უზენაესი სასამართლოს მიერ სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ Mr. Barbulescu-მ მიმართა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს და დარღვევად მიუთითა კონვენციით დაცული „პირადი ცხოვრების პატივისცემის“ უფლების ხელყოფა.
ბალანსი  დამსაქმებლის ლეგიტიმურ ინტერესსა და პირადი სფეროს ხელშეუხებლობას შორის- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია ბალანსის დადგენა დასაქმებულის პირადი ცხოვრების პატივისცემასა და დამსაქმებლის მიერ დადგენილი შრომითი ვალდებულებების დაცვას შორის.  მოცემულ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა შემდეგი წინაპირობების გამო:
1. რუმინეთის სასამართლოებს არ განუსაზღვარვთ, მიიღო თუ არა Mr. Barbulescu-მ წინასწარი გაფრთხილება მისი მიმოწერის შემოწმების შესახებ.
2. სასამართლოებს არ დაუდგენიათ, ჰქონდა თუ არა დამსაქმებელს შესაძლებლობა განეხორციელებინა დაგეგმილი მონოტორინგი ისე, რომ ნაკლებად შეხებოდა დასაქმებულის პირად სივრცესა და მის კორესპონდენციას.
3. აღემატებოდა თუ არა კომპანიის ბიზნეს-ინტერესები დასაქმებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას.
ამ არგუმენტთა გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში Barbulescu V. Romaniaდადგინდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს შემთხვევბი, როდესაც დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის პირად მიმოწერაზე წვდომა არ ჩაითვლება კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად, თუკი ეს ქმედება ხორციელდება წინასწარი გაფრთხილების შემდეგ, ქმედება წარმოადგენს მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანსა და დაცულია ბალანსი დამსაქმებლის სამსახურეობრივ ინტერესებსა და დასაქმებულის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას შორის.