რას გულისხმობს ევროკომისიის ახალი რეგულაციები ელექტრონული კომუნიკაციების უსაფრთხოებისთვის

14.09.2017

რას გულისხმობს ევროკომისიის ახალი რეგულაციები ელექტრონული კომუნიკაციების უსაფრთხოებისთვის

2017 წლის 10 იანვარს ევროკომიის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ელექტრონული კომუნიკაციების სამართლებრივი დაცვის ახალ სტანდარტებს სთავაზობს. ელექტრონული სისტემის განვითარებასა და მის მასობრივ გავრცელებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ხდება ისეთი სერვისების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, როგორიცაა სოციალური ქსელების, პირადი ე-მაილისა და IP სისტემის უსაფრთხოება.

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ევროპის მოსახლეობის 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია“ მათ კომპიუტერებზე, სმარტფონებსა და პლანშეტზე არსებული ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი გახდეს მხოლოდ მათი წინასწარი თანხმობის შემდეგ. ასევე, 92% მიიჩნევს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია“ მათი პირადი მიმოწერისა და სოციალური სივრცის ხელმიუწვდომლობის გარანტია.

შესაბამისად, ევროკომისიის მიერ შემუშავებული ახალი სამართლებრივი რეგულაციის მთავარი პრინციპებია:

  • ყველა ელექტრონული კომუნიკაცია უნდა იყოს კონფიდენციალური - დაუშვებელია ნებისმიერი სახით ტექსტური მესიჯების, ე-მაილისა და სატელეფონო საუბრების დამუშავება მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე. (შემოთავაზებული რეგულაცია ასევე აწესრიგებს საკითხის, თუ რა საგამონაკლისო შემთხვევებში არ არის აუცილებელი მომხმარებლის ნებართვა).
  • მომხმარებლის ვებ-ბრაუზერის ისტორიის დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საჭიროებების შესაბამისად - ახალი რეგულაციის მიხედვით, აღარ იქნება თანხმობის განცხადება საჭირო ისეთ ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია მხოლოდ მომხმარებლის ინტერნეტ გამოცდილების შესწავლისა და შესაბამისი სერვისის მიწოდების გაუმჯობესებისათვის. ე.წ. cookies ამარტივებს წვდომას სხვადასხვა სერვისებზე ინფორმაციის შენახვისა და შემდგომ ავტომატურად გამოყენების გზით. ევროკომიის რეგულაციის თანახმად, საიტზე ყოველი ვიზიტისას აღარ იქნება აუცილებელი მსგავსი ინფორმაციის მიწოდებაზე მომხმარებლის თანხმობის განცხადება და ის პირველადი ნებართვის შემდეგ დამუშავდება ავტომატურად.
  • მომხმარებლის კომუნიკაციების შინაარსის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს - აუცილებელია უსაფრთხოების გარანტია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სატელეფონო ზარის ადრესატი, დრო, საუბრის ხანგრძლივობა და ლოკაცია. აღნიშნული საკითხების კონფიდენციალურობა, ასევე გარანტირებულია ახალი რეგულაციით.
  • სპამისა და სარეკლამო ზარების მომხარებლამდე მისვლა საჭიროებს მომხმარებლის წინასწარ თანხმობას -სარეკლამო წერილების გაგზავნისა თუ ზარების განხორციელებისთვის კომპანიებს დასჭირდებათ წინასწარი თანხმობა. რეგულაციის ამოქმედების შემდგომ, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანში შეიქმნება ელექტრონული ბაზა იმ მომხმარებლებისა, რომლებმაც უარი განაცხადეს ელექტრონულად რეკლამების მიღებაზე. ასევე მარკეტინგული ზარების განხორციელების შემთხვევაში კომპანიები ვალდებულნი იქნებიან ნომერს მიანიჭონ მაიდენტიფიცირებელი პრეფიქსი.

ევროკომიის ახალი სამართლებრივი რეგულაცია ელექტრონული კომუკაციების უსაფრთხოების შესახებ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებსა და გამოწვევებს. ის ამყარებს ერთიან სტანდარტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ამავდროულად მიმართულია, როგორც დახვეწილი სარეკლამო სისტემის შემოღების გზით ბიზნენის სფეროს ხელშეწყობის, ასევე მომხარებელთა პირადი ცხოვრებისა და კომუკინაციის უფლების დაცვისაკენ. აღნიშნული რეგულაცია 2018 წლის 25 მაისს დამტკიცდება.