KB მომხმარებელსა და ტექნიკის კომპანიას შორის დავა მორიგებით დაასრულა

19.09.2017

KB მომხმარებელსა და ტექნიკის კომპანიას შორის დავა მორიგებით დაასრულა

KB-ს იურისტებმა ტექნიკის კომპანია შპს „ა.ო.“ -სთან დავაში მოქალაქე ა. ი.-ის კანონიერი ინტერესები დაიცვეს. დავა შეეხებოდა მომხმარებლის მიმართ საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში არაჯეროვანი მომსახურების გაწევას. მოქალაქის თავდაპირველი პრეტენზია ეხებოდა შეძენილი ნივთის ქარხნულ წუნს. მოქალაქე კომპანიამ საგარანტიო მომსახურების მისაღებად დაამისამართა ქვეკონტრაქტორ კომპანია შპს „ს. ე.“-სთან. შპს „ს. ე.“-ს მიერ გაწეული მომსახურების შემდგომ ნივთი კვლავ ნაკლოვანი დარჩა, ამასთან, კომპანიის მიერ გაცემული დასკვნიდან გამოიკვეთა, რომ ნივთს შეცვლილი ჰქონდა არსებითი და არაარსებითი ხასიათის ისეთი დეტალები, რომელთა შეცვლის საჭიროება არ არსებობდა, ვინაიდან არანაირი კავშირი არ ჰქონია თავდაპირველ პრობლემასთან. ამასთან, ნივთის მესაკუთრე ინფორმირებული არ იყო ნივთის დეტალების შეცვლაზე. შესაბამისად, ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, მოქალაქეს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩინა, რომ დეტალები განზრახ იქნა შეცვლილი. მოქალაქემ ნივთის ჩაბარებისთანავე გამოთქვა პრეტენზია გაწეული მომსახურების მიმართ, თუმცა აღნიშნულს კომპანიის მხრიდან რეაგირება, თვეების მანძილზე, არ მოჰყოლია.

KB-ს იურისტებმა წერილობით მიმართეს ტექნიკის კომპანია შპს „ა. ო.“-ს, რომელიც ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენდა. წერილში დეტალურად იქნა აღწერილი პრობლემის არსი და ხასიათი, დარღვეული უფლების სიმწვავე და გამოითქვა დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობა, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ მოქალაქე ა. ი.-ს კომპანია გადასცემდა ახალ უნაკლო ნივთს. კომპანიამ მოიკვლია საკითხი და დაადგინა, რომ ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ არაჯეროვანი მომსახურება გასწია. შესაბამისად, დაეთანხმა მორიგების პირობას და შპს „ს. ე.“-ს დაავალა მოქალაქე ა. ი.-ს მიმართ ახალი ნივთის შეძენა, რაც უზრუნველყოფილ იქნა კიდეც.