ევროსასამართლოს დასკვნები საქმეზე: „ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“

26.09.2017

ევროსასამართლოს დასკვნები საქმეზე: „ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა საქმე „ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ.“  აპლიკანტი დაობდა კონვენციის მე-3 მუხლისა და მე-6 მუხლის 1-ლი და 3 (d) ნაწილების დარღვევასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლების თანახმად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და ღირსების შემლახველ დასჯას, ასევე ყველას აქვს უფლება ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

სასამართლოს მიერ განხილული და დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები : 2006 წლის 9 ნოემბერს აპლიკანტის თანაკლასელ T.T-ს სკოლის ეზოში ბლაგვი საგნით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ამ დროისათვის, აპლიკანტი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ამავდროულად, ინციდენტს არ შესწრებია არც ერთი თვითმხილველი. აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი ვერსიის თანახმად, სკოლის ეზოში შემოიჭრა 4 ახალგაზრდა, უცნობი პირი, რომელთაგანაც ორმა დანით მძიმე ჭრილობა მიაყენა T.T-ს, სავარაუდოდ, ფინანსური გაუგებრობის მოტივებზე. რაც შეეხება ოფიციალურ ვერსიას, აპლიკანტი და T.T ერთმანეთს სკოლის ეზოში შეხვდნენ, საუბრის პროცესში კი აპლიკანტმა მძიმე ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს დანით. ოფიციალური ვერსიის თანახმად, T.T-მ გაქცევა მოახერხა სკოლის კალათბურთის მოედნამდე, სადაც შემდგომში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს და გადაიყვანეს საავადმყოფოში. 2006 წლის 14 ნოემბერს, აპლიკანტი დაკავებულ იქნა დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. 2007 წლის 12 ივნისს, პირველი ინსტანციის სასამართლომ აპლიკანტი დამნაშავედ სცნო და შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან 5 წელი - პირობითი მსჯავრის სახით.

აპლიკანტის მტკიცებით, ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას, შემდეგი მიზეზების გამო: 2006 წლიდან, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ციხის განყოფილების შექმნამდე,  აპლიკანტმა რამდენიმე თვე ზრდასრულ ქალთა საკანში გაატარა. მოცემულ შემთხვევაში, აპლიკანტი მის იმჟამინდელ მდგომარეობას და პირობებს, მიიჩნევს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად, შემდეგი მიზეზების გამო : საკანი იყო ძალიან პატარა და ვიწრო; წყლის ონკანი იყო გაუმართავი, რაც იწვევდა სინესტეს საკანში და მას არ ჰქონდა ყოველდღიური გადაადგილების შესაძლებლობა. ამავდროულად, ის აცხადებდა, რომ არასრულწლოვანთა ნაცვლად, ზრადსრულთა ციხეში განათავსეს. რაც ეხება, კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას, აპლიკანტის მტკიცება ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციომ აპლიკანტის მიერ მისი ვერსიის დამამტკიცებელი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები არ გაითვალისწინა და ასევე საქმე არ იქნა განხილული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობა კონვენციის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით : ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ იკვეთება აპლიკანტის გაუსაძლის პირობებში ყოფნა პატიმრობის განმავლობაში. აღნიშნული, ასევე დასტურდება სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებიდანაც. რაც შეეხება, გაუმართავ სავინტილაციო სისტემას, სასამართლოს მსჯელობის მიხედვით, ამ მიმართულებით აპლიკანტის მიერ არ იქნა კონკრეტულად აღწერილი პროცესის ხანგრძილოვობა და პრობლემის დამადასტურებელი კონკრეტული მაგალითები. ეს ფაქტი რომც დადასტურებულიყო,  აღნიშნული, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, მაინც ვერ ჩაითვლებოდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღებაზე უარს, ამ მიმართულებითაც, ევროპული სასამართლოს დასკვნით, არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლი. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, უზენაესი სასამართლო არ ახდენს განმეორებით ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას, მის პრეროგატივას სამართლებრივ გარემოებებზე მსჯელობა წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღებაზე უარი  იყო ლეგიტიმური და არ წარმოადგენდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას.

საბოლოოდ, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქმეში გვანცა ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ დაადგინა, რომ ყუფარაძის მიმართ კონვენციის არც ერთი მუხლი, რომელსაც მხარე მიუთითებდა, არ დარღვეულა.

წყარო: 

https://hudoc.echr.coe.int/eng#{"documentcollectionid2":["GRANDCHAMBER","CHAMBER"],"itemid":["001-177074"]}