რა სიახლეებს სთავაზობს მეწარმე პირებს მეწარმეთა კანონში შესული ცვლილებები?

29.09.2017

რა სიახლეებს სთავაზობს მეწარმე პირებს მეწარმეთა კანონში შესული ცვლილებები?

მეწარმეთა შესახებ კანონს 2017 წლის 30 ივნისს დაემატა 58  მუხლი, ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის თანახმადაც საკანონმდებლო ბაზაში განისაზღვრა ერთი პირის მიერ იურიდიული პირის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების დაფუძნება ერთი პირის მიერ.

აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ შპს-ს და სს-ს წილების/აქციების 100%-ის ერთი პირის მიერ ფლობის შემთხვევისას სავალდებულო გახდა საწარმოს რეგისტრაციის ჩანაწერში გაკეთდეს აღნიშვნა - „ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება“, რაც საჯარო იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის და დაინტერესებულ პირს სრულ წარმოდგენას შეუქმნის კომპანიის მმართველობით სისტემაზე.

ცვლილებამ ასევე აღკვეცა ზედმეტი ფორმალობა, რაც გულისხმობდა საერთო კრების ჩატარებას. დღეის მდგომარეობით, არსებული რეგულაციის თანახმად, კანონით განისაზღვრა, რომ საერთო კრების უფლებამოსილებას ახორციელებს საზოგადოების პარტნიორი, ხოლო მიღებულ გადაწყვეტილებას აფორმებს წერილობით. სავალდებულო აღარაა კიდევ ერთი ფორმალობა, რაც გულისხმობდა პარტნიორის ხელშეკრულების დადებას თავის თავთან დირექტორის ამპლუაში, ახალი რეგულაციით ხელშეკრულების დადება წერილობით საჭიროა მხოლოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულებები სცილდება ჩვეულებრივ საქმიანობას.

საკანონმდებლო პაკეტმა გააუქმა ჩანაწერი, რომლითაც ნებადართული იყო შპს-ს დაფუძნება ერთი პირის მიერ, რომლითაც რეგულირებული არ იყო ამ ტიპის საწარმოს მმართველობის ტიპი და გათანაბრებული იყო პარტნიორულ საწარმოს მმართველობის ტიპთან.

წარმოდგენილმა საკანონმდებლო ცვლილებამ დახვეწა აქამდე არსებული რეგულაცია და გაამარტივა ფორმალური პროცედურები, რაც განვითარებადი ბიზნესისთვის საქმიანობის გამარტივებაა.

მუხლი 58. ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება 

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმა.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგ ყველა წილის/აქციის ერთი პარტნიორის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში ეს საზოგადოება ხდება ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება. ამის შესახებ ინფორმაცია და პარტნიორის საიდენტიფიკაციო მონაცემები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში უნდა აისახოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ხოლო სააქციო საზოგადოების შემთხვევაშიაქციათა რეესტრში და საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

3. თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ის ახორციელებს. ამგვარი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ფორმდება.

4. სამეწარმეო საზოგადოებასა და მის ერთადერთ პარტნიორს შორის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში იდება.

საქართველოს 2017 წლის 30  ივნისის კანონი №1199 - ვებგვერდი, 13.07.2017 .