რომელია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ყველაზე ცნობილი ვერდიქტები

4.10.2017

რომელია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ყველაზე ცნობილი ვერდიქტები

2004 წლის 6 თებერვალს საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საფუძველი ჩაეყარა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საზოგადოების აქტიური მონაწილეობის ახლებურ ფორმას - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტს.

ძირითადი პრობლემა, რომელიც დღემდე გადაუჭრელი რჩება აღნიშნული სისტემის მქონე ქვეყნებში, არის საზოგადოების წევრების სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი. სწორედ ამიტომ, ხშირად განიხილება საკითხი, რამდენად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია საქმის განხილვის პროცესში ნაფიც მსაჯულთა ჩართვა. ამ მიმართულებით, საინტერესოა, როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დადებითი და უარყოფითი მხარეების, ასევე საერთაშორისოდ ცნობილი, გახმაურებელი ვერდიქტების განხილვა, რათა გამოიკვეთოს ინსტიტუტის ძირითადი მახასიათებლები.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ხელს უწყობს:

  • საზოგადოების პასუხიმგებლობის ამაღლებას განსახორციელებელი მართლმსაჯულებისა და ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი მოვლენების მიმართ.
  • ნდობის ამაღლებას, პირის პროცესში უშუალოდ მონაწილეობის გზით.
  • ბრალდებულის სოციალური სამართლიანობის მოლოდინისა და განცდის ჩამოყალიბებას, რადგან მან იცის, რომ ის მისმა ტოლმა და სწორმა გაასამართლა.
  • ნაფიც მსაჯულთა სამართლებრივი თვითშეგნების, სახელმწიფოებრივი აზროვნების  ამაღლებას, პროცესში მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპებისა და ნორმების გაცნობის გზით.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის უარყოფითი მხარეებია:

  • ნაფიც მსაჯული, გახმაურებული საქმეების შემთხვევაში, შესაძლოა გადაწყვეტილებას იღებდეს სუბიექტური კრიტერიუმებით.
  • მცირერიცხოვან ქვეყნებში ხშირია ალბათობა, თუნდაც შემთხვევითობის პრინციპით არჩეული ნაფიც-მსაჯული იყოს ბრალდებულის ნათესავი/ახლობელი.
  • ნაფიც მსაჯულის კანდიდატად შერჩეული ეროვნული/ეთნიკური უმცირესობის წარმომადგნელები, ხშირ შემთხვევაში, აწყდებიან ენობრივი ბარიერის პრობლემას.
  • ზოგიერთი საკითხის სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია სამართლებრივი პრინციპებისა და სისტემის ცოდნა.

რამდენიმე საქმე, რომელშიც ნაფიც მსაჯულები იღებდნენ მონაწილეობას, მოხსენიებულია, როგორც  „საუკუნის პროცესი“. აღნიშნული საქმეები, ადასტურებენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თავისებურებებს რიგ  საკითხებში, კერძოდ :

  • O.J. Simpson- ის საქმე: აღნიშნული საქმე ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და რეზონანსული იყო. სტატისტიკის თანახმად, განაჩენის გამოცხადებას ამერიკის მოსახლეობის 91-მა პროცენტმა უყურა პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით.  სიმპსონს ბრალი ედებოდა მეუღლისა და მეგობრის მკვლელობაში. პროცესი 133 დღე გაგრძელდა, ჯამში დაიკითხა 150 მოწმე, ხოლო პროცესისთვის კი 20 მილიონზე მეტი დაიხარჯა. ნაფიც მსაჯულთა ჟიური არ მოექცა საზოგადოებრივი გავლენის ქვეშ და სასჯელის უმაღლეს ზომას - სიკვდილით დასჯას მხარი არ დაუჭირა. 2008 წელს სიმპსონი კვლავ აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე, ამჯერად ძარცვისა და ძალადობის ბრალდებით. ამ საქმეზე ნაფიც მსაჯულებმა პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების ყველა ეპიზოდში დაადანაშაულეს. ექსპერტები დღესდღეობითაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას ყველაზე სკანდალურ ამერიკულ ვერდიქტად მიიჩნევენ და ორი სრულიად ურთიერთსაპირისპირო გადაწყვეტილების გამოტანის გამო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს „სამოქალაქო სასამართლოდაც“ კი მოიხსენიებენ.
  • John Hinckley -ის საქმე: აღნიშნული საქმე ასევე ერთ-ერთ პრეცედენტს წარმოადგენს. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტის, როლანდ რეიგანის მკვლელობის მცდელობისთვის პირი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. სასამართლო პროცესის მსვლელობისას დადგინდა, რომ ბრალდებულმა მკვლელობის მცდელობამდე  რამდენიმე დღით ადრე წერილი მისწერა შეყვარებულს, რომლითაც ატყობინდებდა, რომ მისი ყურადღების მისაქცევად პრეზიდენტის მოკვლას აპირებდა. ნაფიც მსაჯულებმა იმსჯელეს და დაადგინეს, რომ საქმეში არსებული წერილი არასაკმარის მტკიცებულებას წარმოადგენდა, შესაბამისად აღნიშნული დაცვის მხარის საწინააღმდეგოდ ვერ იქნებოდა გამოყენებული. ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ ჰინკლი უდანაშაულოდ სცნო, თუმცა მიიჩნია, რომ ის ფსიქიკურად დაავადებული იყო. ექსპერტების მოსაზრებით, აღნიშნული საქმე ხაზს უსვამს ნაფიც მსაჯულებს, როგორც სასამართლო სისტემაში არსებულ დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც არ შეშინდა და მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პრეზიდენტი იყო, მაინც სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა.
  • My Lai-ის საქმე: საქმე, რომელის ფარგლებშიც 298 მოწმე დაიკითხა, ეხებოდა 1968 წლის ტრაგედიას. ვიეტნამში, ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში „My Lai”-ში პარტიზანული დაჯგუფების აღსაკვეთად, პრეზიდენტ ნიქსონის ბრძანებით,  გაიგაზავნა სპეცრაზმი, რომლის მიერ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე იმსხვერპლა. ნაფიც მსაჯულებმა ლეიტანტი უილიამ კელი დამნაშავედ სცნეს, რის საფუძველზეც მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ლეიტენანტი მოგვიანებით პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საქმე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი „საზოგადოების ხმას“ წარმოადგენს, რომლის დამოუკიდებლობასაც პრეზიდენტის სურვილიც კი ვერ აღუდგება წინ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების  დავა, ძირითადად, სამ კომპონენტს ეფუძნება: აღნიშნული ინსტიტუტის სოციალური მნიშვნელობა, ნაფიც მსაჯულთა კომპეტენტურობა და მათ მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა. დღესდღეობით, მოქმედი რამდენიმე სისტემიდან, გავრცელებული მოსაზრებით შესაძლოა გამოიყოს ე.წ „შერეული მოდელი“, რომელიც გულისხმობს ნაფიც მსაჯულების მიერ ბრალეულობის პროფესიონალ მოსამართლეებთან ერთად გადაწყვეტას. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს, როგორც იურიდიულად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას, ასევე საქმის განხილვაში საზოგადოების უშუალო ჩართულობით სასამართლოებზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებასაც.