KB - სასამართლომ სესხის ხელშეკრულების შესრულების განსჯადობის საკითხზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

8.10.2017

KB - სასამართლომ სესხის ხელშეკრულების შესრულების განსჯადობის საკითხზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

KB-ის წარმომადგენლობით, სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულების ადგილთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მაგისტრი სასამართლომ (მოსამართლე: მარინა კიკნაძე) 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა. შესაბამისად, მოქალაქე ი.კ.-ს მიმართ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სარჩელი, სასამართლომ განუხილველი დატოვა. KB-ის წარმომადგენლები, მოცემულ დავაში, მოქალაქის კანონიერ ინტერესებს წარმოადგენდნენ. 

2017 წლის  4 სექტემბერს, ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მომართა მიკროსაფინასნო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოპასუხე ი.კ.-ს მიმართ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის თაობაზე. 

სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დარჩენილიყო განუხილველი შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით - სასამართლომ მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა ყოფილიყო, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასებულიყო ყოვლისმომცველად. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური. სახელმწიფოს, უფლება აქვს დაადგინოს შეზღუდვები სარჩელის სამართალწარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა ამავე დროს დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამა თუ იმ ხასიათის შეზღუდვის გამოყენებით არ მოხდება სასამართლოსადმი მიმართვის არსის ხელყოფა (CASE OF JEDAMSKI AND JEDAMSKA V. POLAND). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს ჩამოუყალიბდა რწმენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი, სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას. 

ეროვნული კანონმდებლობით - კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საკითხის მოწესრიგება ასევე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ასევე ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის’’ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც გარანტირებულია სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენება.

საქართველოს კოსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ამ ნორმის შესაბამისად, განსჯადობა გულისხმობს კომპეტენტური სასამართლოების არსებობას, რომლებმაც უნდა განიხილონ მათდამი დაქვემდებარებული საქმეები. „განსჯადობაში“ იგულისხმება როგორც ტერიტორიული, ისე საგნობრივი განსჯადობა. 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ტერიტორიული განსჯადობის კრიტერიუმს მოცემული სახის დავების განმხილველი უფლებამოსილი სასამართლოს დადგენის თვალსაზრისით. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულდეს (განსაკუთრებული განსჯადობა).

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ძირითადი ნიშნების მიხედვით, განასხვავებს გვარეობით და ტერიტორიულ განსჯადობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით (განსაკუთრებული განსჯადობა) დადგენილია განსაზღვრული კატეგორიის საქმეთა განხილვა მხოლოდ ერთ რომელიმე, კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ სასამართლოში. განსაკუთრებული განსჯადობა სწორედაც იმიტომ ეწოდება განსჯადობის ამ სახეს, რომ ამ განსჯადობით დადგენილი წესები გამორიცხავენ ტერიტორიული განსჯადობის სხვა სახეების გამოყენების შესაძლებლობას. განსაკუთრებული განსჯადობის საქმეებზე სასამართლოს არჩევა არ არის დამოკიდებული მოსარჩელის და არც მხარეთა ნებაზე, ვინაიდან გასჯადი სასამართლო ზუსტად არის განსაზღვრული კანონით და ამ საქმეებიდან გამომდინარე სარჩელის აღძვრა, კანონით დადგენილი სასამართლოების გარდა, სხვა სასამართლოში დაუშვებელია.  განსჯადობის ორი სახის შეცვლა არ შეიძლება მხარეთა შეთანხმებით. ესაა განსაკუთრებული (სსკ-ის მე-13-მე-14 მუხლები) და გვარეობითი განსჯადობა (სსკ-ის მე-16 მუხლი). მართალია, მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით დაადგინონ კონკრეტული საქმის ტერიტორიული განსჯადობა, მაგრამ, ამასთან, მათ არ აქვთ უფლება, ურთიერთშეთანხმებით შეცვალონ სსსკ-ის მე-16 მუხლით დადგენილი განსაკუთრებული ტერიტორიული და გვარეობითი განსჯადობის წესები. 

მხარეებს უფლება აქვთ შეცვალონ ტერიტორიული განსჯადობის მხოლოდ ორი ქვესახე - საერთო და ალტერნატიული განსჯადობა, მაგრამ მათ არ აქვთ განსაკუთრებული და გვარეობითი განსჯადობის შეცვლის უფლება ურთიერთშეთანხმებით, ვინაიდან განსჯადობის ეს სახეები კანონით პირდაპირ და უპირობოდაა განსაზღვრული და დადგენილი. გადამწყვეტი მნიშვნელობა სადავო სამართალურთიერთობის ხასიათსა და დავის საგანს ენიჭება. შესაბამისად, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელების განსჯადი სასამართლო განისაზღვროს ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით, ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრულია დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს. 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მიკროსაფინანსო კომპანია მოითხოვდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ხელშეკრულება. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა იყო განსაკუთრებული განსჯადობა. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის ძირითად მისამართად მითითებული იყო ლანჩხუთი, თუმცა შესაგებელზე დართული დანართით დადგინდა, რომ მოპასუხე მუშაობდა თბილისში და მისი ფაქტობრივი მისამართი იყო - თბილისი. ასევე, სასამართლომ აღნიშნა, რომ კრედიტორის ადგილსამყოფელიც იყო თბილისი. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მსესხებლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი იყო ქ. თბილისი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულება (თუნდაც ნაწილობრივი - სესხის დაფარვის მიზნით თანხის შეტანის ჩათვლით) ლანჩხუთში განხორციელებულიყო. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. მართალია უწყებრივად დავა სასამართლოს ქვემდებარეა, მაგრამ იგი განხილულ უნდა იქნეს ხელშეკრულების  შესრულების ადგილის მიხედვით. ამიტომაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სარჩელი დარჩა განუხილველი.