„მირანდას გაფრთხილება“ - ის, რაც პირმა დაკავებისას უნდა იცოდეს

11.10.2017

 „მირანდას გაფრთხილება“ -  ის, რაც პირმა დაკავებისას უნდა იცოდეს

არსებობს ადამიანის უფლებათა კატეგორიები, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსებისა და სიცოცხლის უზრუნველსაყოფად. ეს უფლებები შეიძლება მიეკუთვნებოდეს, როგორც სამოქალაქო უფლებებს, ასევე  ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ თავისუფლებებს. როგორც წესი, სამოქალაქო და პოლიტიკური მოქმედებები ზღუდავს და გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს სახელმწიფოს ქმედებების ფარგლებს. მაგალითად, უფლება იმისა, რომ დაკავებულს უნდა განემარტოს თავისი უფლებები და თავისუფლებები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და მისი დარღვევა გარკვეულ სამართლებრივ შედეგებთან ასოცირდება.

აღნიშნულ უფლებებს ე.წ „მირანდას უფლებების“ სახელითაც მოიხსენიებენ. ამ მიმართულებით საინტერესოა „მირანდა არიზონას წინააღმდეგ“ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების განხილვა და იმის გაანალიზება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ბრალდებულისთვის საკუთარი უფლებების განმარტებას.

1963 წლის 13 მარტს ერნესტო მირანდა დაკავებული იქნა ფენიქსის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 18 წლის გოგონას გატაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით. ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ მირანდამ „აღიარა“ დანაშაული, ხელი მოაწერა ოფიციალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის ადასტურებდა, რომ „ჩვენებას აძლევდა ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანების, იძულების გარეშე, საკუთარი უფლებების სრული ცოდნითა და გაცნობიერებით.“ პროცესის მსვლელობის დროს გაირკვა, რომ რეალურად მირანდას მისი უფლებები არ გასცნობია დაკავების პროცესში და აღიარებაც არ ყოფილა ნებაყოფლობით გაკეთებული. შესაბამისად, დაცვის მხარემ აღიარებითი განცხადების მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად,  მტკიცებულებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჩვენება, თუ დაკითხვას არ ესწრებოდა ადვოკატი და ბრალდებულს თავად არ განუცხადებია უარი ადვოკატის მომსახურებაზე.“ განმარტება ეყრდნობოდა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეხუთე დამატებას, რომლითაც განმტკიცებულ იქნა თვითინკრიმინაციისგან დაცვის გარანტია და ასევე  მეექვსე დამატებას, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილ იქნა ადვოკატის ყოლის უფლება. შესაბამისად, ერნესტო მირანდას აღიარებითი ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული. ამ გარემოებიდან გამომდინარე მას სრულად მოეხსნებოდა ბრალი, საქმეში რომ არ გამოჩენილიყო ახალი მტკიცებულება - მირანდას ყოფილი მეუღლის ახსნა-განმარტების სახით.

აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან დაკავებულს ან ეჭვმიტანილს აცნობონ თავისი უფლებების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას მოიხსენიებენ „მირანდას გაფრთხილების“ სახელით. დაკავების ან დაპატიმრებისთანავე პირისთვის უფლებების განმარტება განმტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობითაც.

დაკავებულის უფლებების რეალიზაცია ქართული კანონმდებლობის მიხედვით სხვადასხვა სამართლებრივი ნორმებით არის რეგულირებული. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით „დაკავებულ ან დაპატიმრებულს პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი.“  უფლებათა ჩამონათვალს აზუსტებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. ამ ნორმის მიხედვით, თუ არსებობს დაკავების საფუძველი, დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს, განუმარტოს, რა დანაშაულის ჩადენაშია ის ბრალდებული და აცნობოს, რომ მას აქვს:

  • ადვოკატის ყოლის უფლება;
  • დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება;
  • უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული;