სიამის ტყუპების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული სამართლებრივი კითხვები

18.10.2017

სიამის ტყუპების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული სამართლებრივი კითხვები

სხეულებით შეერთებული ტყუპები, როგორც წესი, სამედიცინო და იურიდიულ ლიტერატურაში მოიხსენიება „სიამის ტყუპების“ სახელწოდებით. სამეცნიერო სივრცეებში დღემდე სადავო საკითხად რჩება სიამის ტყუპების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის საკითხი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ პრობლემატური თემების წამოჭრა, რომელზე პასუხებიც, დღესდღეობით, არ არსებობს ქართულ ან საერთაშორისო საკანონმდებლო სივრცეში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც სიამის ტყუპებთან, როგორც სამართალ სუბიექტებთან დაკავშირებით არსებობს, გამომდინარეობს მათი ფიზიკური მდგომარეობიდან - წარმოადგენენ ისინი ერთ ფიზიკურ პირს, თუ სახეზეა ორი დამოუკიდებელი სუბიექტი. ამ მიმართულებით, საინტერესოა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელიც ცნობილია „ჯუდის და მერის გამოყოფის“ სახელით.  ჯუდი და მერი იყვნენ სიამის ტყუპები, რომელთა ერთმანეთისაგან დაშორება აუცილებლობას წარმოადგენდა, ვინაიდან რამდენიმე თვეში ოპერაციის ჩაუტარებლობა ორივეს დაღუპვას გამოიწვევდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპერაციის ჩატარებით, დაიღუპებოდა ერთ-ერთი და - მერი , რომელსაც თავიდანვე  მძიმე ფიზიკური დაავადება აღენიშნებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა, დიდი დისკუსია გამოიწვია, როგორც სამართლებრივ, ასევე სამეცნიერო სივრცეებში. ნაწილი საზოგადოებისა მიიჩნევდა, რომ ჯუდის, ჰქონდა სიცოცხლისა და მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლის უფლება. მეორე მოსაზრების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მერის არსებობა ნელ-ნელა იწვევდა მისი და მისი დის სიკვდილს, მაინც სიცოცხლის ხელშეუხებლობის პრეზუმცია აქაც მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ტყუპების განცალკავების საკითხს არ ეთანხმებოდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც გონივრულ შეფასებას დაეყრდნო და ექიმებს ტყუპების განცალკევების უფლება მისცა, ერთ-ერთის სიცოცხლის უპირობოდ შენარჩუნების მოტივით.  აღნიშნული საქმე პრეცედენტულია სიამის ტყუპების განცალკევების სამართლებრივი შეფასების ჭრილში.

მიუხედავად იმ პირთა წრის სიმცირისა, რომელსაც შესაძლოა ეხებოდეს აღნიშნული საკითხი, მაინც მნიშვნელოვანია სამარლებრივი ვაკუუმის აღმოფხვრა და რეგულაციების შემუშავება, რომელიც მიმართული იქნება სიამის ტყუპების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და უფლებათა რეალიზაციის ხელშეწყობისაკენ. არსებობს არა ერთი კითხვა, რომელიც უპასუხოდ რჩება არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეშიც. მაგალითად:

  • პირი, რომელიც ქორწინდება სიამის ტყუპზე, ქორწინდება ერთ-ერთ მათგანზე თუ ორივეზე?
  • თუკი სიამის ტყუპიდან ერთ-ერთი ჩაიდენს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს და მეორე კი უდანაშაულოა, სად და როგორ უნდა მოიხადოს დამნაშავემ სასჯელი?
  •  რა უნდა მიიჩნიოს სასამართლომ პრიორიტეტად დამნაშავის დაუსჯელად დატოვება თუ უდანაშაულოს დასჯაც?
  • სამკვიდროს განაწილების დროს შეერთებული ტყუპები ერთ სამართლებრივ სუბიექტად მოიაზრება თუ მათ დამოუკიდებელი უფლებები წარმოეშობათ მამკვიდრებლის ქონებაზე?

დღეის მდგომარეობით ცალსახა პასუხი აღნიშნულ კითხვებზე არ არსებობს. იმისათვის, რომ ყველა სამართალსუბიექტის უფლება იყოს დაცული, პირველ რიგში, ,მნიშვნელოვანია სიამის ტყუპებთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირება, თუნდაც მწირი საკანონმდებლო პრაქტიკის შესწავლა საერთაშორისო მასშტაბით და ღია დისკუსია აღნიშნული საკითხის ეროვნულ დონეზე დასარეგულირებლად. მოცემული საკითხების გადაჭრა მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სრული რეალიზაციის ხელშეწყობისა და უზრუნველყოფისათვის.