რა არის სტიგმატიზირებული ქონება?

27.10.2017

რა არის სტიგმატიზირებული ქონება?

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა უახლესმა გადაწყვეტილებამ აქტუალური გახადა ქონების სადავოობის შესახებ ინფორმაციის ფლობის საკითხი. ამ მიმართულებით საკმაოდ საინტერესოა, საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა სტიგმატიზირებულ ქონებასთან მიმართებით. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სახელმწიფო ასევე იღებს ვალდებულებას და უზრუნველყოფს ისეთი  სისტემის შექმნას, რომლის საშუალებით მყიდველი წინასწარ იღებს ინფორმაციას სტიგმატიზირებული ქონების შესახებ, რაც გულისხმობს წვდომას ინფორმაციაზე ჰქონია თუ არა ოდესმე სახლში ადგილი მკვლელობას, თვითმკვლელობას, სხვადასხვა რიტუალის ჩატარებას ან ყოფილა თუ არა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სახლში აჩრდილებიც შეუნიშნავთ.

სტიგმატიზირებულ ქონებას მიეკუთვნება ქონება, რომლის შეძენასაც მყიდველები ხშირად თავს არიდებენ მისი ნაკლოვანების გამო. ზოგიერთ ქვეყანაში, კანონი უშუალოდ ავალდებულებს გამყიდველს სრული ინფორმაცია მიაწოდოს შემძენს ქონების შესახებ, მათ შორის ქონების ირგვვლივ არსებული სტიგმების თაობაზეც. ერთმანეთისაგან განარჩევენ სტიგმის რამდენიმე სახეობას:

  • კრიმინალური სტიგმა - ქონება გამოყენებული იყო კრიმინალური ქმედებების განსახორციელებლად. მაგალითად, თუკი სახლი გამოიყენებოდა პროსტიტუციისთვის, ნარკოტიკების შესანახად ან მოპარული ქონების საცავად.
  • დავალიანების სტიგმა - კრედიტორები შესაძლოა მოკლებულნი იყვნენ ინფორმაციას მოვალის ადგილსამყოფელის ცვლილების თაობაზე, რის გამოც ბინის ახალი მესაკუთრე, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ხდება ამ ურთიერთობის თანამონაწილე.
  • მკვლელობის/სუიციდის სტიგმა - გამყიდველს სამართლებრივად მოეთხოვება შემძენს მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, ჰქონია თუ არა აღნიშნულ ქონებაში ადგილი პირის მკვლელობას ან სუიციდის შემთხვევას.
  • ფენომენალური სტიგმა - ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, შესაძლოა სახლში შემჩნეული იყოს აჩრდილები, მოჩვენებები. შესაბამისად, შემძენს აქვს უფლება ფლობდეს აღნიშნულ ინფორმაციას, რადგან შესაძლოა ეს საკითხი მისთვის სენსიტიურია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს საიტები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას სტიგმატიზირებული ქონებების შესახებ. მაგალითად, http://www.oshimaland.com/, http://www.diedinhouse.com/ ამერიკის მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მოიძიონ სასურველ მისამართზე ნებისმიერი სახის სტიგმის შესახებ ინფორმაცია განსაზღვრული მასშტაბით. გავრცელებული მოსაზრების თანხმად, ქონების ირგვლივ სტიგმის არსებობა ამავდროულად ამცირებს მის საბაზრო ღირებულებას. საქმეში Reed V. King მოსარჩელე ირწმუნებოდა, რომ შესაძენ ქონებაში მკვლელობის განხორციელებამ ქონების საბაზრო ღირებულება 76 000 $-იდან 65 000$-მდე შეამცირა.

არსებობს ქვეყნები, სადაც სტიგმატიზირებული ქონებების საკითხი სამართლებრივად მოწესრიგებულია და შესაბამისად, შემძენს უფლება აქვს მიიღოს სრული ინფორმაცია ქონების ნებისმიერი ნაკლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ  საზოგადოების მაღალი ინტერესი იარსებებს ამ საკითხის ირგვლივ, მისასალმებელი იქნება შემძენის უფლების მაღალი დაცვის გარანტიების შემუშავება მესაკუთრის მიერ ქონებაზე სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების გზით.