ევროსასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტება დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე - „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“

1.11.2017

ევროსასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტება დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე - „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“

მსოფლიოს არაერთი სამართლებრივი სისტემისათვის ცნობილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი, რომელიც ასევე რეგულირებულია ქართული კანონმდებლობითაც. კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, დადგენილი პირობებისა და წესების დაცვით, სასამართლოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის თანახმად, საოჯახო სამართლებრივ დავებში, როდესაც ბავშვის ინტერესები საფრთხის წინაშე დგას, საერთო სასამართლოები ვალდებულნი არიან მსგავსი საქმეები განიხილონ დაჩქარებული წესით, თუმცა სწრაფი მართლმსაჯულება უშუალოდ არ გულისხმობს დაუსწრებელი სამართალწარმოების მეთოდის გამოყენებას. ამ მიმართულებით საინტერესოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ.“

2008 წლის 31 მარტს კ.გ-მ, აპლიკანტის მეუღლემ, მიმართა სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნით, შვილის  საცხოვრებელი ადგილის განსასაზღვრად. ამ საქმეში მოპასუხე გახარიას, სარჩელი რეგისტრირებულ მისამართზე ვერ ჩაბარდა, რადგან ფოსტის წარმომადგენელმა დაადგინა, რომ მითითებულ მისამართზე არავინ ცხოვრობდა. სასამართლომ მიმართა საჯარო შეტყობინებით გაცნობის წესს და ინფორმაცია დავაზე განათავსა გაზეთ - „24 საათში.“ აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განმარტა, რომ მოპასუხის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხდებოდა. ამავე წელს, კ.გ.-მ კვლავ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს, მოთხოვნით - გახარიას შეზღუდვოდა მამობის უფლება შვილის საზღვარზე გადაყვანასთან მიმართებით. კურიერმა კვლავ ვერ მოახერხა სარჩელის მოპასუხისთვის ჩაბარება, იმავე მიზეზით. შესაბამისად, სასამართლომ ამ შემთხვევაშიც საჯარო შეტყობინებას მიმართა. აღნიშნულ საქმეზეც, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო. 2012 წელს, მას შემდეგ რაც გახარიასთვის აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა, განმცხადებელმა მოითხოვა ორივე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, რაც არც ერთი ინსტანციის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ განმცხადებელი ამ პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, რის შესახებაც მოსარჩელე ინფორმაციას ფლობდა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აპლიკანტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის დადგენის მოტივით, რაც გულისხმობს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების შეზღუდვას.  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას გათვალისწინებული იქნეს მხარეთა თანასწორების პრინციპი და გონივრული შესაძლებლობა მათ მიერ პოზიციის დაფიქსირებისა. საქმეებში Bogonos V. Russia; Orams V. Cypros სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, კონვენციის მე-6 მუხლი არ ითვალისწინებს დოკუმენტის გაგზავნის კონკრეტულ ფორმას, თუმცა მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე გამოყენებულ იქნეს ყველა შესაძლებლობა მხარისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თანასწორობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან არანაირი მცდელობა არ განხორციელებულა დაკავშირებოდნენ ადგილობრივ თვითმმართველობას ან ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას, რათა დაედგინათ განმცხადებლის ადგილსამყოფელი. ასევე მინსკის კონვენციის თანახმად, რომლის ხელშემკვრელი მხარე საქართველოა, შესაძლებელი იყო წევრი სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმართვა მოპასუხის ადგილსამყოფელის დასადგენად, რაც ასევე არ განხორციელებულა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმეში, საქალაქო სასამართლოს ასეთი ფორმალური მიდგომა დოკუმენტების გაგზავნის წესთან დაკავშირებით, არაგონივრული იყო.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ საქმეში „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა და შესაბამისად სარჩელი დააკმაყოფილა.

როგორც  წესი, სასამართლოს მხრიდან ეროვნულ კანონმდებლობაში ასახული პროცედურის ფორმალურად დაცვა არ გულისხმობს უწყების სათანადოდ ჩაბარების ყველა შესაძლო გზის ამოწურვას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო ქმედებები მაქსიმალურად უნდა იყოს მიმართული მხარის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზებისაკენ. აქედან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ უნდა ემყარებოდეს დავის მოკლე დროში გადაჭრის არგუმენტს, არამედ მას წინ უნდა უსწრებდეს კანონით დადგენილი ყველა შესაბამისი ღონისძიების გამოყენება, რაც აუცილებელია მიმდინარე დავაზე ინფორმაციის ფლობისა  და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის.