პირს, რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლით მარტოხელა მშობლის სტატუსი შესაძლოა აღარ გაუუქმდეს.

3.11.2017

პირს, რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლით მარტოხელა  მშობლის სტატუსი შესაძლოა აღარ გაუუქმდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის პროექტის თანახმად, სამოქალაქო კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც შეეხება 11911 მუხლის რეგულაციის იმ ნაწილს, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის დაკარგვას იწვევს ქორწინებაში შესვლით. ახალი რეგულაციით აღნიშნული საფუძვლით, პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლით მარტოხელა მშობლის სტატუსი აღარ გაუქმდება.

წარდგენილი საკანონმდებლო პროექტი ემსახურება ნორმატიული ხარვეზის აღმოფხვრას, ვინაიდან მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ბავშვის მიმართ არ ცვლის სამართლებრივ გარემოებას, იმ კუთხით, რომ დედინაცვალ-მამინაცვალი არ უთანაბრდება ბიოლოგიურ მშობელს, შესაბამისად ბავშვის დაბადების მოწმობაში კვლავ ერთი მშობელი ფიქსირდება. ვინაიდან მოცემული სტატუსის ძირითადი მიზანია დაიცვას არასრულწლოვანი პირი(ბავშვი), გაუმართლებელია მშობლის ქორწინებაში შესვლით არასრულწლოვანმა დაკარგოს სახელმწიფოს მიერ მისთვის დადგენილი არაპირდაპირი შეღავათები. 

მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონა მნიშვნელოვანია, იმ კუთხით, რომ სამოქალაქო კოდექსი მოცემული სტატუსის მქონე პირებისთვის ნორმატიული აქტით აწესებს  სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით საკმაოდ მწირია ის შეღავათები, რასაც სახელმწიფო ადგენს. მოცემული გარემოებიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, მომზადდეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც წარდგენილ ცვლილებასთან ერთად დაარეგულირებს და განავრცობს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.