რა განმარტება გააკეთა ევროსასამართლომ საქმეზე „ნ.წ. საქართველოს წინააღდეგ“ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის კუთხით

9.11.2017

რა განმარტება გააკეთა ევროსასამართლომ  საქმეზე „ნ.წ. საქართველოს წინააღდეგ“ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის კუთხით

არაერთი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. თუმცა, ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მხოლოდ აღიარებას, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, თუკი არ არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება დაცვის მაღალი სტანდარტების სისრულეში მოყვანა. 2016 წლის 2 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე  „ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ“ და მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა არასრულწლოვანთა წარმომადგენლობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპთან მიმართებით. 
საქმის ფაქტობრივი გარემობები - საქმეში მომჩივანს წარმოადგენდა ბავშვების დეიდა ნ.წ., რომელიც ცხოვრობდა სამ არასრულწლოვან დისშვილთან ერთად. არასრულწლოვნების დედა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მამას ნარკოტიკების უკანონო მოხმარების საფუძველზე მისჯილი ჰქონდა პატიმრობა და ასევე დაუსვეს ფსიქიატრიული და ქცევითი მოშლილობის დიაგნოზი. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნები 2009 წლიდან დეიდასთან იზრდებოდნენ. 2010 წლის 5 იანვარს ბავშვების მამამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მისი ვაჟიშვილების დაბრუნების მოთხოვნით. სასამართლომ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია საქმის წარმოებაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩართვა. 
სოციალური მომსახურების სააგენტოს შეფასებები - სამართალწარმოების პროცესში ჩატარებული კვლევების თანახმად დადგინდა, რომ ბავშვებს გადატანილი ტრავმის გამო ესაჭიროებოდათ განსაკუთრებული მზრუნველობა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ბავშვებს მამის მიმართ გააჩნდათ გაორებული დამოკიდებულება, ისინი ავლენდნენ როგორც თბილ დამოკიდებულებას მშობლის მიმართ, ასევე - შიშს. დასკვნის თანახმად, მამას უნდა მოეპოვიბინა ნდობა, რათა ბავშვებს კვლავ ეგრძნოთ მშობელთან კომუნიკაციის დამყარების საჭიროება. 
საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება - I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი; სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ბავშვები უნდა დარჩენილიყვნენ დედის ოჯახში, კონკრეტულად დეიდასთან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ფსიქოლოგიურ დასკვნებზე, რომელთა თანახმად, არასრულწლოვნები უნდა აღიზარდნონ მშვიდ და სტაბილურ გარემოში. საქმე კვლავ გასაჩივრდა, საკასაციო სასამართლომ გააკეთა მნიშვნელოვანი განმარტებები ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გამოკვლევის შესახებ და საქმე განსახილველად გადაუგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც გააუქმა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არასრულწლოვანთა საცხოვრებელ ადგილად დაადგინდა მამის საცხოვრებელი ადგილი. 
ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს დასკვნები -  არასრულწლოვნების დეიდა, ნ.წ. მიუთითებდა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. ამიტომაც, სასამართლომ პრიორიტეტულად მიიჩნია ორი მიმართულების გამოკვლევა - 1. იყვნენ თუ არა ბავშვები სათანადოდ ჩართულები საქმის წარმოებაში; 2. იყო თუ არა ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნაკარნახევი არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამ მიმართულებით გამოიკვეთა პრობლემური საკითხი - გაურკვეველია თუ როგორ შეძლო სოციალური მომსახურების სააგენტომ ეფექტურად წარმოედგინა ბავშვის ინტერესები, როცა მას არ გააჩნდა ფორმალური პროცედურული როლი ამ საქმეში. აქედან გამომდინარე, გამოიკვეთა პრობლემა ქართულ კანონმდებლობაში - საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსებით ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად გათვალისწინებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საქმეში ჩართვის აუცილებლობა. თუმცა, არც ერთი სამართლებრივი ნორმით არ არის განსაზღვრული თუ რა შედის წარმომადგენლის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვერ ხედავს, თუ როგორ შეიძლება, სოციალური მომსახურების სააგენტო, რამდენიმე ანგარიშის შედგენისა და სასამართლო სხდომებზე დაშვებისთვის აუცილებელი სტატუსის გარეშე დასწრების გზით, კლასიფიცირდეს, როგორც ადეკვატური და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.  შესაძლოა ითქვას, რომ აღნიშნულმა საკანონმდებლო ხარვეზმა საქმეში წარმოშვა არაერთი პრობლემა. არაჯეროვანმა წარმომადგენლობამ და შედეგად, არასრულწლოვანთა შეხედულებების სათანადოდ წარდგენასა და მოსმენაში წარუმატებლობამ შეარყია საქმეზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურული სამართლიანობა. შესაბამისად, ამ და სხვა გარემოებების შეჯერების საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს პირადი და ოჯახური პატივისცემის უფლების შეზღუდვას.