ევროსასამართლო ნიქაბისა და ბურქას ტარების შესახებ

17.11.2017

ევროსასამართლო ნიქაბისა და ბურქას ტარების შესახებ

2011 წლის 11 აპრილს ძალაში შევიდა აქტი - du 11 octobre 2010 interdisant la dissimulation du visage dans l'espace public - რომლითაც საფრანგეთში აიკრძალა საჯაროდ იმ ჩადრების ტარება, რომლებიც მთელ სახეს ფარავენ. კანონის ძალაში შესვლისთანავე S.A.S-მა, რომელიც გახლავთ საფრანგეთში დაბადებული პაკისტანელი ქალბატონი, გაასაჩივრა აქტი, რამდენადაც, მისი თქმით, ის უზღუდავდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებს. კერძოდ: პირადი და ოჯახური პატივისცემის უფლებას, რელიგიის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, დისკრიმინაციის აკრძალვას.

2011 წლის 11 აპრილის აქტის მთავარი სამართლებრივი მოთხოვნებია:

მუხლი1: საჯარო სივრცეში დაუშვებელია ისეთი სტილის ტანისამოსის ტარება, რომელიც ფარავს სახეს.

მუხლი2: პირველ მუხლში გათვალისწინებული აკრძალვა არ მოქმედებს ისეთ ტანისამოსზე, რომელიც დაშვებულია შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით და საჭიროა ჯანმრთელობისთვის, ასევე სპორტულ ღონისძიებაში, ფესტივალებში, თეატრალურ და ტრადიციულ დღესასწაულებზე.

მუხლი3: პირველი მუხლის დარღვევა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას მაქსიმუმ 150 ევროს ოდენობით.“

აპლიკანტის განცხადებით ის არის მუსლიმანი და ნიქაბსა და ბურქას ატარებს რელიგიური, კულტურული და პერსონალური მრწამსის საფუძველზე. ასევე S.A.S-მა აღნიშნა, რომ ის ნიქაბს ატარებდა როგორც საჯარო, ასევე პირად სივრცეში, თუმცა არასისტემატურად, მაშინ, როდესაც სურს რელიგიური გრძნობებისა და დამოკიდებულებების გამოხატვა. ასევე მისი განმარტებით, ნიქაბისა ან ბურქას ტარების მიზეზს არ წარმოადგენდა საზოგადოების გაღიზიანება, ეს იყო მისი რელიგიური გრძნობების გამოხატვის გზა, რითიც პოულობდა სულიერ სიმშვიდეს. ასევე აპლიკანტი არ ეწინააღმდეგებოდა მოსაზრებას, რომ ნიქაბი მოეხსნა აეროპორტებსა ან ბანკში უსაფრთხოების შემოწმების გავლის დროს ან სხვა აუცილებელ შემთხვევებში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული აქტი ზღუდავდა რელიგიის თავისუფლებას, რაც გათვალისწინებულია კონვენციის მე-9 მუხლით. თუმცა ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“

შესაბამისად, დასადგენი იყო აღნიშნული აქტი წარმოადგენდა თუ არა უფლების შეზღუდვის ლეგიტუმურ და მიზანშეწონილ საშუალებას. აღნიშული შეზღუდვის მიზანშეწონილობას საფრანგეთის მთავრობა შემდეგი სამი არგუმენტით ასაბუთებდა: „ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობის პატივისცემა“, „ღირსების პატივისცემა“, „საზოგადოების საუკეთესო ინტერესი“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ შეზღუდვა წარმოადგენდა მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას და ნიქაბისა და ბურქას ტარების აკრძალვა არ მიიჩნია კონვენციის VIII-IX მუხლების დარღვევად. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც მსაგვსი შინაარსის ამკრძალავი აქტი მიიღო. აღნიშნული პრაქტიკა გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებში, რასაც პროტესტის დიდი ტალღა მოჰყვა, მაგალითად:

ავსტრია - 2017 წლის იანვარში მმართველი კოალიცია შეთანხმდა, რომ ვუალების ტარება, რომლებიც მთელს სახეს ფარავენ (ნიქაბი და ბურქა) აეკრძალათ სასამართლოებსა და სკოლებში. წინადადება, ძალაში შევა პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ.

ბელგია - 2011 წლის ივლისში ბელგიაში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა  ნიქაბისა და ბურქას ტარებას.  2012 წლის დეკემბერში ბელგიის საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დაადგინა, რომ აკრძალვა არ ზღუდავდა ადამიანის უფლებებს.

ჰოლანდია - 2016 წლის ნოემბერში მიღებული კანონი ჰოლანდაში კრძალავს ნიქაბისა და ბურქას ტარებას სკოლებში, საავადმყოფოებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

დიდი ბრიტანეთი - მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში არ მოქმედებს მსგავსი ამკრძალავი კანონი, მოქმედ სკოლებს 2007 წლიდან შეუძლიათ თავად განსაზღვრონ „დრეს-კოდი“ და შესაბამისად, მათ შორის, შეზღუდონ ნიქაბისა და ბურქას ტარების უფლება.