როგორია აშშ-ს სასამართლო პრაქტიკა გამოხატვის თავისუფლებისა და დელიქტური სამართლის მიმართულებით

22.11.2017

როგორია აშშ-ს სასამართლო პრაქტიკა გამოხატვის თავისუფლებისა და დელიქტური სამართლის მიმართულებით

გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. დღემდე ამ მიმართულებით საზოგადოების აზრი ორ ნაწილად იყოფა. ჩნდება მთავარი კითხვა: სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენის აკრძალვას შორის. ამ მიმართულებით სხვადსხვა სამართლის სისტემებში არაერთგვაროვანი პრაქტიკაა დამკვიდრებული. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ განვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ ორ გადაწყვეტილებას, რომელიც არის მაგალითი იმისა, თუ რა მიმართულებით ვითარდება პრაქტიკა დასახელებულ ქვეყანაში.

Snyder v. Phelps (U.S. Supreme Court 2011) -  ფრედ ფილიპსმა დაარსა ბაპტისტური ეკლესია კანზასში 1955 წელს. ეკლესიის კონგრეცია ფიქრობს, რომ ღმერთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯის ჰომოსექსუალიზმისადმი ტოლერანტობის გამოჩენისთვის, განსაკუთრებით ჯარისკაცებში. 20 წლის განმავლობაში მათ მიერ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი გზა არის დაკრძალვების პიკეტირება და საპროტესტო აქციების გამართვა. Matthew Snyder-ი, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცი, მოკლული იქნა ერაყში ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს. ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი გამოსვენება მომხდარიყო მერილენდში მდებარე ეკლესიიდან. ადგილობრივ პრესაში ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია დაკრძალვის დროისა და ადგილის შესახებ. Phelps-მა აღნიშნული ტერიტორიის პიკეტირებაც მოახდინა და გამართა მცირერიცხოვანი აქცია. აქციის მონაწილეების საპროტესტო ლოზუნგები იყო: „ღმერთს სძულს ამერიკის შეერთებული შტატები,“ „არ ილოცოთ ამერიკისთვის“, „მადლობა ღმერთს გარდაცვლილი ჯარისკაცებისთვის“ და ა.შ. მოსარჩელე Snyder-მა სარჩელი აღძრა გარდაცვლილი შვილისა და მისი ოჯახის პატივისა და ღირსების შელახვისათვის. სასამართლომ განმარტებაში აღნიშნა, რომ „სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. მას შეუძლია ადამიანი მიიყვანოს როგორც დარდის, ასევე სიხარულის ცრემლებამდე. ამ შემთხვევაშიც მსგავსად მოხდა - სიტყვამ ძალიან დიდი ტკივილი გამოიწვია ოჯახისათვის. თუმცა, შეუძლებელია ტკივილის განელება ე.წ. დამნაშავის დასჯით. ქვეყნის მიერ არჩეული პოლიტიკა ემსახურება ტოლერანტობასა და შემწყნარებლობას“. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ქმედება მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დასაშვებ მოქმედებად.

 Texas v. Johnson - Gregory Lee Johnson -მა დაწვა ამერიკის შეერთებული შტატების დროშა ტეხასის ცენრში, კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც 1984 წლის რესპუბლიკის ნაციონალური კონვენცია იქნა მიღებული. დროშის დაწვის მიზეზს წარმოადგენდა პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიმართ პროტესტის გამოხატვა. ის დაპატიმრებული იქნა ტეხასის პოლიციის  მიერ ეროვნული სიმბოლოკის შეურაცხყოფის ბრალდებით, თუმცა ჯონსონი ამტკიცებდა, რომ მისი ქმედება ექცეოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. სასამართლოს განმარტებით, „გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში განხორციელებელი ზოგიერთი ქმედება შესაძლოა მიუღებელი და შეურაცხმყოფელი  იყოს საზოგადოებისთვის, თუმცა მხოლოდ საზოგადოების დამოკიდებულება არ განსაზღვრავს რას მოიცავს აღნიშნული უფლება. დროშის, როგორც ქვეყნის სიმბოლოს დაცვა უმკაცრესი ზომების მიღებით არ არის გამოსავალი და სადამსჯელო ღონისძიება მათთვის, ვინც მსგავსად არ ფიქრობს.“ შესაბამისად, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ჯონსონის მიერ დროშის დაწვა მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დასაშვებ მოქმედებად.

ასევე საზოგადოებაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს დელიქტური სამართლის მიმართულება. საინტერესოა, რა შემთხვევაში ეკისრება პირს დელიქტური ვალდებულება. ამ მიმართულებით სხვადსხვა ქვეყნის კანონმდებლობა ძირითადად გვთავაზობს ზოგად პრინციპებს, ამიტომ მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ სასამართლოებს პრაქტიკის დამკვიდრებაში. გთავაზობთ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ ორ საქმეს, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისა და მისი თანმდევი პროცესების შესახებ.

Donoghue v Stevenson [1932] AC 562 - აღნიშნული ქეისი ეხება გარემოებას, რომლის საფუძველზეც უფრო ნათელი გახდა და ამავდროულად, ფართოდ გავრცელდა დელიქტური სამართლის არსი და მნიშვნელობა.  დელიქტური სამართალი არეგულირებს სფეროს, როდესაც მხარეები ზიანის მიყენების საფუძველზე, არასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, აღმოჩნდებიან სამათლებრივად ურთიერთვალდებულნი ერთმანეთის წინაშე. Mrs Donoghue იყო ერთ-ერთ კაფეში მეგობართან ერთად და შეუკვეთა ლუდი, რომელმაც შემდგომში მისი მოწამვლა გამოიწვია. მოწამვლა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გარდა ლუდისა, ბოთლში ასევე მკვდარი ლოკოკინაც იყო. Mrs Donoghue-ს არ ჰქონდა ხელშეკრულება არც კაფის მეპატრონესთან,  არც ლუდის  მწარმოებელთან, შესაბამისად ის ვერ მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას ხელშეკრულების დარღვევის საფუძველზე. მიუხედავად არასახელშეკრულებო ურთიერთობისა, სახეზე გვაქვს დელიქტური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ დაუდევრობა. სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ ლუდის მწარმოებელს ჰქონდა მოვალეობა, რომ გადაემოწმებინა ბოთლის წარმოების ადგილი, რათა დარწმუნებულიყო იმაში, რომ  პროდუქციის დამზადება არ ხდებოდა სხვისთვის ზიანის მიმყენებელ გარემოებებში. გამომდინარე აქედან სასმელის მწარმოებელს დაეკისრა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

Nettleship v Weston [1971] 2 QB 691 - დელიქტურ სამართალთან მჭიდრო კავშირშია ე.წ. „ზრუნვის ვალდებულების“ პრინციპი. აღნიშნული ქეისი ეხება შემთხვევას, როდესაც პირი, რომელიც სწავლობდა მანქანის ტარებას მოჰყვა ავარიაში თავის ინსტრუქტორთან ერთად. შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო ინსტრუქტორმა და ასევე დაზიანდა მისი მანქანაც. მან სარჩელი აღძრა სასამართლოში დელიქტის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გაეცა პასუხი ერთ-ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე: „არიან თუ არა ვალდებულნი ახალბედა მძღოლები, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლის პროცესში არიან იყვნენ ისეთივე წინდახედულები, როგორიც გამოცდილი მძღოლები?“ მიუხედავად არსებითი განსხვავებისა, სასამართლოს განმარტებით, „ზრუნვის ვალდებულების“ პრინციპი ავალდებულებდა ახალბედა მძღოლებსაც ეტარებინათ უფრო ფრთხილად და შესაბამისად, ავარიის გამომწვევს დააკისრა ზიანის ანაზღაურება.