გახმაურებული დავები საავტორო სამართლის სფეროში

12.01.2018

გახმაურებული დავები საავტორო სამართლის სფეროში

საავტორო სამართალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამართლის სფეროა, რომელიც არაერთხელ გამხდარა განსხვავებული აზრის წარმოქმნის საფუძველი. სტატიაში განხილულია რამდენიმე ცნობილი და გახმაურებული საქმე, რომლის ფარგლებში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებიც ამკვიდრებს ერთგვარ პრაქტიკას საავტორო სამართალში. 

Rogers Vs. Koons - ფოტოგრაფმა არტ როჯერსმა გადაიღო ფოტოსურათი, რომელზეც ასახული იყო წყვილი ლეკვებით ხელში. როჯერსი აღნიშნულ ფოტოს იყენებდა კომერციული დანიშნულებით - კერძოდ, მისალოცი ბარათებისა და მსგავსი პროდუქტების გარეკანად. ჯეფ კონსმა, რომელიც საერთაშორისოდ განთქმული იყო ყოველდღიური რეალობიდან აღებულ ფაქტებზე ნამუშევრების შექმნით, როჯერსის მიერ გადაღებული ფოტოს ნახვის შემდეგ დაამზადა პატარა სკულპტურები. ფოტოგრაფმა აღძრა სარჩელი ჯეფის წინააღმდეგ საავტორო უფლების დარღვევის გამო კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით. ჯეფის მტკიცებით, სკულპტურის დამზადებისა და რეპროდუცირების დროს ის სარგებლობდა პაროდიის დამზადების უფლებით.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ფოტოსა და სკულპტურას შორის არსებობდა იმდენად დიდი მსგავსება, რომ ობიექტური დამკვირვებლის თვალით მარტივი იყო აღნიშნული მსგავსების იდენტიფიცირება. შესაბამისად, ჯეფს დაევალა ზიანის ანაზღაურება როჯერსის საავტორო უფლების დარღვევის გამო. მოცემული საქმე არაერთ საინტერესო შეკითხვას აჩენს, რომელიც სასამართლო მსჯელობის მიღმა დარჩა: მიიჩნევა თუ არა გადამუშავებულ ნაწარმოებად ინსპირაციის საფუძველზე შექმნილი ნაშრომი, წარმოადგენს ის იმიტაციას თუ ინსპირაციას ? რას წარმოადგენს ფოტოსურათი - ხელოვნების ნიმუშს, დოკუმენტს თუ კრეატიულ პროდუქტს ?  ამ კითხვებზე ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია საავტორო სამართლის განვითარებისათვის. 

Sony V. Harney – “Sony Pictures”-მა შექმნა ფილმი კლარკ როკფელერის ქეისის საფუძველზე. ფილმის დარეკლამების დროს გამოყენებულ იქნა სურათი, რომელიც ძალიან ჰგავდა ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში გავრცელებულ კომპოზიციას. ფოტოგრაფმა სარჩელი აღძრა სონის წინააღმდეგ საავტორო უფლების დარღვევის მოტივით.  სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ფოტოსურათები ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული იყო ერთი და იგივე სახის ტანისამოსი, დეტალები და სტილი. სასამართლოს განმარტებით,  გამომდინარე იქიდან, რომ სონის მიერ გამოყენებული ფოტო განსხვავდებოდა ჰარნის გადაღებული სურათისაგან სტრუქტურით, ტონალობითა და კომპოზიციით არ დასტურდებოდა საავტორო უფლების დარღვევის ფაქტი. 

Charleston Foundation V. Benjamin Ham – Charleston foundation-მა აღძრა სარჩელი ბენჟამინის წინააღმდეგ მოთხოვნით, რომ შეეწყვიტა მათ საკუთრებაში უკანონოდ შემოსვლის შედეგად გადაღებული ფოტოს გავრცელება კომერციული დანიშნულებით. მოსარჩელეების მტკიცებით, ფოტოს გავრცლების შემდეგ, მათ დაკარგეს თავიანთი ხეივნის ფოტოს გავრცელების ექსკლუზივი. საბოლოოდ, არ დაკმაყოფილდა Charleston Foundation-ის მოთხოვნა იმის თაობაზე,რომ ბენჟამის შეეწყვიტა ფოტოს გავრცელება. სასამართლოს განმარტების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბენჟამინმა  ნებართვის გარეშე გადაიღო ფოტო სხვის კუთვნილ ტერიტორიაზე, მან მაინც მოიპოვა საავტორო უფლება, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელი იყო ზემოდხსენებული მიზეზით.