KB - მოქალაქეს საპატრულო პოლიციის 500 ლარიანი ჯარიმა გაუუქმდა

9.02.2018

KB - მოქალაქეს საპატრულო პოლიციის 500 ლარიანი ჯარიმა გაუუქმდა

KB-ს იურისტების დახმარებით, მოქალაქე თ.ზ-ს ადმინისტრაციული საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი 500-ლარიანი ჯარიმა. საქმე ეხებოდა 2017 წლის 03 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის ჯარიმას, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას იმ პირის მიერ, ვისაც შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება. მოქალაქის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დროს ის ფლობდა მართვის მოწმობას და მართვის უფლების შეჩერების შესახებ, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან, ინფორმაცია არ ჰქონდა მიღებული.

KB-ს წარმომადგენლები დასაბუთება ეხებოდა იმ გარემოებებს, რომ დაუშვებელია იყო პირს პასუხისმგებლობა დაკისრებოდა იმ ვითარებაში, როდესაც მოქალაქის მიმართ გამოტანილი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად არ იყო ჩაბარებული. მიუხედავად იმისა, რომ აქტი გამოცემისთანავე შედის ძალაში, ის პირისათვის შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მისი მხარისთვის ოფიციალური წესით ჩაბარების მომენტიდან.

სასამართლომ არსებითად განიხილა საქმე, სრულად გაიზიარა თ.ზ.-ის პოზიციები და დაადგინა, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას სრულყოფილად და ზუსტად არ დადგინდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, დადგენილ გარემოებებს კი არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგება კანონს და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოქალაქე თ.ზ.-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული დადგენილებით, სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა კანონი, რომლის თანახმადაც, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილება, პირს უნდა ჩაბარდეს კანონით დადგენილი წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - „სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის“.

KB-ს წარმომადგენლებმა სასამართლომდე მოქალაქის სამართლებრივი საკითხი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გაასაჩივრეს.