საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების რეგულაცია

12.02.2018

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების რეგულაცია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება-ვალდებულია 7 დღის ვადაში განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ნორმის არამართლზომიერებას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ დადგენილი ვადა არ იძლეოდა საკითხის ინდივიდუალურად შეფასებისა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა ინტერესების დაბალანსების შედეგად გონივრული ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას, რაც ნორმას აქცევდა ბლანკეტური ხასიათის რეგულაციად.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, წინამდებარე გადაწყვეტილება გადაავადა 2018 წლის 1 მარტამდე, ვინაიდან ნორმის შეჩერებას არ გამოეწვია საჯარო და კერძო ინტერესის დარღვევა. ამასთან სასამართლომ საქართველოს პარლამენტს მიუთითა, რომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე უზრუნველეყო ახლებური მოწესრიგება სადაო ურთიერთობის. საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის არგუმენტაცია არაერთგვაროვანი პრაქტიკის შესაძლო ჩამოყალიბებაზე, რის პრევენციადაც მიიჩნია კონკრეტული ვადის განსაზღვრა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისთვის, რომელზე ნაკლები ვადის დაწესების უფლება არ ექნებოდა განმხილველ მოსამართლეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

რეგულაციის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა გარემოება, რომ სადავო ნორმის საგანს არ წარმოადგენდა მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განჩინების გასაჩივრება, იმ ნაწილში, რომლითაც  სადავო გახდება დაკისრებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. შესაბამისად სადავო ნორმა მოსარჩელს არც ანიჭებდა და არც უზღუდავდა გასაჩივრების უფლებას.

გადაწყვეტილების მოტივაციიდან გამომდინარე ნათლად იკვეთება საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანი სადავო სამართლაურთიერთობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე ნორმა არ უზღუდავს პირს უფლებას მიმართოს სასამართლოს, აღნიშნული თავისთავად არ მოიაზრებს გასაჩივრების უფლებას, რაც უთითებს საკანონმდებლო ხარვეზზე.

ვინაიდან არსებობს გარკვეული სახის უზუსტობა ნორმის შინაარსში, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებას შესთავაზოს ახლებური მოწესრიგება, რომლის თანახმად დადგინდება უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განჩინების გასაჩივრება, იმ ნაწილში, რომლითაც  სადავო გახდება დაკისრებული თანხის (ზარალის) ოდენობა.