რა ცვლილებები შევიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით

16.02.2018

რა ცვლილებები შევიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2018 წლის იანვარში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, კოდექსს დაემატა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის საქმეზე სამართალწარმოების თავისებურებების კარი. ცვლილება ეხება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე, საქმისთვის აუცილებელი მასალების მოპოვების სპეციალურ მოწესრიგებას და სადავო უფლების დაცვის კონკრეტული ღონისძიებების გამოყენებას. 


საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრულ იქნა ტერმინთა განმარტება, რომელიც საშუალებას იძლევა ყოველი კონკრეტული შემთხვევის მიკუთვნებას ამა თუ იმ სამართალ ურთიერთობის მიმართ. სიახლით განსხვავებული რეგულაციები იქნა შემოღებული, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, აღნიშნული ზოგადი რეგულაციებიდან განსხვავებით გვთავაზობს იმგვარ მოწესრიგებას, რაც უშუალოდ დაკავშირებულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან. ამასთან, მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებაზე სასამართლოს, გადაწყვეტილების მისაღებად 5 დღიანი ვადა დაუწესდა.


ინტელექტუალურ სამართლებრივ დავებში ყოველთვის პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს მიყენებული ზიანის გამოთვლის ტექნიკა და ამასთან იმ სარგებლის გამოანგარიშება, რაც მიიღო უფლების დამრღვევმა. წინამდებარე პრობლემის აღმოსაფხვრელად კანონმდებელმა შემოგვთავაზა ინფორმაციის მიღების უფლება, რომელიც მოიცავს ფინანსური ინფორმაციის/დოკუმენტაციის საწარმოსა თუ საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვას. წინამდებარე ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, თუმცა სასამართლო ხშირად უარს ამბობდა მსგავსი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან კომერციული საიდუმლოება მეტად დაცულ სფეროდ განიმარტებოდა. წარმოდგენილი კანონპროექტით, ერთის მხრივ გამარტივდა ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად თვლადი გახდეს მიყენებული ზიანი, ხოლო მეორეს მხრივ დაცულია კომერციული საიდუმლოება, ვინაიდან მიღებულ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ მოსამართლეს მიენიჭა.


შემოთავაზებული ცვლილებით ინტელექტუალურ სამართლებრივი დავებიდან გამომდინარე განისაზღვრა ის კონკრეტული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომელთა გამოყენებაც აუცილებელია საქმის მიმდინარეობისას. 2018 წლამდე არსებული რეგულაციის თანახმად შესაძლებელი იყო მოსარჩელეს მოეთხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომელიც ექცეოდა სხვა ღონისძიებათა კატეგორიაში და საკმაოდ რთული იყო დასაბუთება იმისა, თუ რატომ უნდა გამოყენებულიყო განსხვავებული ტიპის უზრუნველყოფა, რასაც შესაძლოა საქმის განხილვა გაეჭიანურებინა.


წარმოდგენილი ცვლილება დადებითად უნდა შეფასდეს, ვინაიდან გათვალისწინებულია  ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე დავის წარმოებისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული საქმის სწორად გადაწყვეტისთვის. მეტად მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა უზრუნველყოფის რეგულირებისას სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის განსაზღვრა, ვინაიდან ამ ტიპის დავებში სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის დაცვას.