სასამართლომ მეცნიერების დანიშვნით თანამდებობებზე ასაკის შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურად სცნო

20.03.2018

სასამართლომ მეცნიერების დანიშვნით თანამდებობებზე ასაკის შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურად სცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განსახილველ საკითხს წარმოადგენს მეცნიერებათა აკადემიის წევრების სარჩელი „მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ჩანაწერის შესახებ, რომელიც გულისხმობდა აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე იმ პირთა დანიშვნის შეზღუდვას, რომელთა ასაკიც 70 წელზე მეტია. მოსარჩელეებმა ნორმა სადავოდ გახადეს კონსტიტუციის მე–14 მუხლის, კანონის წინაშე პირთა თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით.

საქართველოს კანონმდებლობა განსხვავებული სამსახურის პირობებში, ასაკობრივი ზედა ზღვრის დაწესებას სხვადასხვაგვარად არეგულირებს. მაგალითად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელ თანამდებობებზე პირების ასარჩევად/დასანიშნად, დაწესებულია ასაკობრივი შეზღუდვა, რაც მოიცავს 65 წელს, თუმცა ამ შემთხვევაში კანონი საშუალებას აძლევს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სურვილის შემთხვევაში საკითხი წესდებით სხვაგვარად მოაწესრიგოს. რაც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს, აქ ასაკობრივი ზედა ზღვარი 2013 წლის 20 მარტის საკანონმდებლო ცვლილებით მოიხსნა, ხოლო ამ ცვლილებამდე, საჯარო სამსახურში დასაქმების ზღვრული ასაკი 65 წელი იყო.

არსებული კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი კონფლიქტში არ არის ასაკობრივ ჭრილში პირთა დასაქმებასთან და ცალსახად არ კრძალავს გარკვეულ ასაკს გადაცილებულ პირთათვის სამახურებრივი მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, გაურკვეველი იყო იმ ნორმის აუცილებლობა და მის მიერ უფლების შეზღუდვის რაციონალურობა, რომლითაც 70 წელს ზემოთ პირებს მეცნიერებათა აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება ეკრძალებოდათ.

ამასთან, კანონმდებლის მიერ, კანონშემოქმედების პროცესში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პირთა წრის სპეციფიკურობა, რომელთაც შემზღუდველი ნორმა უშუალოდ ეხება. კერძოდ, მეცნიერებათა აკადემია თავისი არსით ის ორგანიზაციაა, რომელიც, დიდწილად, სწორედ საზოგადოების უხუცესი წევრებით იქნება დაკომპლექტებული. შესაბამისად, კანონის დანაწესიც სწორედ ამ პირთა წრის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული, არათუ პირიქით, აზიანებდეს მას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხრიდან უფლების შეზღუდვას უნდა გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი და რაციონალური ახსნა, მოპასუხემ კი, სარჩელის განხილვისას ასეთ არგუმენტად 70 წელს გადაცილებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიყვანა და აღნიშნა, რომ ასეთ ასაკში პირი ვერ შეძლებს საქმიანობის სათანადოდ განხორციელებას.

ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა – „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტობა/ვიცე-პრეზიდენტობა და ამ საქმიანობის გამართულად შესრულება არ მოითხოვს ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომლის გარეშეც აპრიორი გამორიცხული იქნებოდა მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებელი შესრულება და, ამგვარად, დაემუქრებოდა საფრთხე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სათანადო ფუნქციონირებას. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს და მოპასუხე მხარის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ის კონკრეტული ფაქტორები, გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლოა, გამოკვეთილიყო 70 წელს მიღწეული პირის მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულების შეუძლებლობა.“

აქედან გამომდინარე, ზ/ხსენებული ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.