KB - სააპელაციო სასამართლომ ქართულ ტურისტულ კომპანიას თანხის გადახდა დააკისრა

1.04.2018

KB - სააპელაციო სასამართლომ ქართულ ტურისტულ კომპანიას თანხის გადახდა დააკისრა

KB-ის წარმომადგენლობით, 2018 წლის 28 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ბათილად სცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და შეცვლილი გადაწყვეტილებით, სრულად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი ქართული ტურისტული კომპანიის მიმართ, საქართველოს მოქალაქე მ.ქ-ზე ტურისტული მოგზაურობისთვის გადახდილი თანხის - 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ტურისტისთვის უკან დაბრუნებისა და კომპანიისთვის დაკისრების მოთხოვნაში. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულად მიიჩნია და არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

საქმის მასალების მიხედვით, მოქალაქე მ. ქ.-ს დაუკავშირდა კომპანიის შუამავალი და შესთავაზა რა ისრაელში ტურისტული კომპანიის მეშვეობით გამგზავრება, რისთვისაც მ.ქ.-მ გადაიხადა 3500 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა მოიცავდა შუამავლის ანაზღაურებას და ტურის ღირებულებას. თანხის გადაცემა გაფორმდა ხელწერილით. 2009 წლის 1 მარტს დაიგეგმა პირველი ტური, სადაც მონაწილეობდა სამი ტურისტი. ტურის ღირებულება შეადგენდა 3142.00 აშშ დოლარს.

2009 წლის 26 მარტს, ზემოაღნიშნული შეთანხმებების საფუძველზე, ისრაელში გამგზარების მსურველი პირები, მათ შორის მ. ქ, შეთანხმებულ დროს გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მას კომპანიის დირექტორმა საკონტროლო პუნქტთან გადასცა პასპორტი, თუმცა მას შემდეგ, რაც ტურისტი შეეცადა გადაეკვეთა გამშვები პუნქტი, აეროპორტის წარმომადგენელმა ის შეაჩერა და უარი განუცხადა გამგზავრებაზე/რეგისტრაციაზე. მოქალაქეს დაუბრუნეს კუთვნილი პასპორტი, ხოლო საზღვრის კვეთაზე უარი, აღმოჩნდა, რომ ტურისტს ვიზის არარსებობის გამო ეთქვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ზემოაღნიშნი ფაქტიდან მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა – დაბრუნებული პასპორტი კვლავ აიღო კომპანიის წარმომადგენელმა და მ.ქ. დაიბარა შემდგომ ორშაბათს, ისევ გასამგზავრებლად, ისევ აეროპორტში. აღსანიშნავია, რომ არც სხვა ტურისტებს აღმოაჩნდათ ვიზები. მოსარჩელე დათქმულ დღეს გამოცხადდა აეროპორტში და გამშვებმა პუნქტმა ის უპრობლემოდ გააატარა, თუმცა ისრაელში ჩაფრენის შემდგომ, მ.ქ.-ს აეროპორტის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ მათ პასპორტებში არ იყო დაფიქსირებული საზღვრის კვეთა და მოქალაქე დააკავეს.

მოსარჩელემ 5 დღე გაატარა ისრაელის აეროპორტის საპატიმროში და დეპორტაიციის შედეგად, დაბრუნდა საქართველოში. მოქალაქემ სამშობლოში დაბრუნების შემდგომ მიმართა კომპანიას და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება. კომპანიამ ტურისტს სრულად აუნაზღაურა საშუამავლო მომსახურების საფასური, რამაც შეადგინა 1000 აშშ დოლარი. ტურისტმა დარჩენილი 2500 აშშ დოლარის მიღებაც მოითხოვა, რაც მას გადახდილი ჰქონდა მომსახურების უზრუნველყოფისთვის. მართალია, კომპანია მოქალაქეს დაპირდა, რომ გადაუხდიდა 2500 აშშ დოლარს, შეთანხმება შედგა თანხის ეტაპობრივად დაფარვასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიას მოქალაქის მიმართ, ვალდებულების შესრულება, ბოლომდე არ შეუსრულებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები მ.ქ.-ს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. პალატამ მხედველობაში მიიღო ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებისა და ტურისტების ჩვენებებში არსებული განმარტებები, რომლებიც გამოთხოვილ იქნა პოლიციიდან და საქმეს მტკიცებულების სახით, ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში დაერთო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.