KB - სასამართლომ პოლიტიკური რესპრესიის მსხვერპლის ოჯახის მოთხოვნა ზიანზე დააკმაყოფილა

1.04.2018

KB - სასამართლომ პოლიტიკური რესპრესიის მსხვერპლის ოჯახის მოთხოვნა ზიანზე დააკმაყოფილა

KB-ის წარმომადგენლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ ფულადი კომპენსაციის მიღების მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეების ნ.ა.-ს და შ.ა.-ს სასარგებლოდ, მოთხოვნილი 2000 ლარის ნაცვლად, დაეკისრა ერთიანი ფულადი კომპენსაციის გაცემა 1 450 ლარის ოდენობით.

მოქალაქე გ.ა. დაპატიმრებულ იქნა 1955 წლის 28 ოქტომბერს და ბრალად ედებოდა დანაშაულში, რომელიც გათვალისწინებული იყო მაშინდელი სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებით. აჭარის ასსრ უმაღლესი სასამართლოს 1955 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, გ.ა. გასამართლებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 21-ე ნაწილის ბრალდებით. რაც გულისხმობს, პროპაგანდას და აგიტაციას ეროვნული მტრობის თუ განხეთქილების ჩასაგდებად, ამავე ხასიათის ლიტერატურის დამზადება, გავრცელება და ა.შ. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, მას მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1955 წლის 28 ოქტომბრიდან 1995 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით, მას უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება.

გ.ა.-ს საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 1995 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, შეფარდებული სასჯელი შეეცვალა პირობითი სასჯელით, 3 წლით საგამოცდო ვადით.

2005 წელს, გ.ა.-ს მეუღლემ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მისი აწ. გარდაცვლილი მეუღლის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, გ.ა. აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“ განსაზღვრულია რეპრესირებულთა სოციალურად დაცვის გარანტიები, აღიარების წესი და ამავდროულად, კომპენსაციის განსაზღვრის მექანიზმი. ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციური აგიტაციისა  და პროპაგანდისთვის.

KB-ს იურისტების დასაბუთებით, მოცემულ შემთხვევაში, რელევანტური გახლდათ 2000 ლარის ოდენობის კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნა მოპასუხე მხარისთვის, რაც დამოკიდებული იყო რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე. პირველ რიგში, უკანონო თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს სასჯელის ერთ-ერთ მძიმე ფორმას, რადგან პირდაპირ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებს, როგორიცაა: პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა, ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობა, სიტყვისა და აზრის თავისუფლება, ფულადი კომპენსაციის განსაზღვრისას, ასევე გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო პირველი რიგის მემკვიდრეების სოციალური ფონი და ერთ-ერთი მემკვიდრის უმუშევრობის ფაქტიც. იმავდროულად, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ"  საქართველოს კანონის თანახმად, აღიარებულია საბჭოთა რეჟიმის დროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილი თავისუფალი საქართველოს შექმნაში და ასევე, მათ მიმართ დემოკრატიული სახელმწიფოს ვალდებულება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, განისაზღვრება სრული და  სამართლიანი კომპენსაციის გაცემით. სასამართლომ მოცემული საქმის თანახმად, კანონის საფუძველზე, გამოიყენა ფაქტის გონივრული შეფასების სტანდარტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მოსარჩელეების ნ.ა.-ს და შ.ა.-ს სასარგებლოდ, მოთხოვნილი 2000 ლარის ნაცვლად, დაეკისრა ერთიანი ფულადი კომპენსაციის გაცემა 1 450 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება საქმეზე მოსამართლე თამარ მეშველიანმა მიიღო.