რა ცვლილება შევიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში სარჩელის უზრუნველყოფის მიმართულებით

25.04.2018

რა ცვლილება შევიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში სარჩელის უზრუნველყოფის მიმართულებით

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2018 წლის 7 მარტს განხორცილდა ცვლილება, რომელიც ეხება სარჩელის უზრუნველყოფის გასაჩივრების ფორმალური პროცედურის მოდერნიზაციას, რაც უზრუნველყოფს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

ცვლილება შეეხო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავის სარჩელის უზრუნველყოფის გასაჩივრების რეგულაციას, კერძოდ, 1971 მუხლის მე-2 ნაწილს, რომელიც აწესრიგებს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარის თქმის განჩინების გასაჩივრებას. აღნიშნული განჩინების გასაჩივრებისას, იმ შემთხვევაში თუკი მოსამართლე საჩივარს დაუსაბუთებლად მიიჩნევს 5 დღის ვადაში საქმის მასალებთან ერთად აგზავნის ზემდგომ სასამართლოში განსახილველად, ახალი რეგულაციით დაზუსტდა საქმის მასალების გაგზავნის წესი, კერძოდ, ზემდგომ სასამართლოს ეგზავნება უარის თქმის განჩინება და საქმის მასალების დამოწმებული ასლები ან ელექტრონულად მიეწოდება სრული დოკუმენტაცია, ხოლო საქმის დედანი რჩება საქმის განმხილველ სასამართლოში და სასამართლო საერთო წესით აგრძელებს საქმის განხილვას.

წარმოდგენილი ცვლილება შეესაბამება ტექნოლოგიურ სიახლეებს და წარმოადგენს სასამართლო სისტემის დახვეწას. ძველი რეგულაციით სრული საქმე იგზავნებოდა ზემდგომ სასამართლოში, რაც იწვევდა საქმის გაჭიანურებას, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვა ჩერდებოდა ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც ეხებოდა მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს, რომელიც საქმის არსებით განხილვაზე არ ახდენს ზეგავლენას. აღნიშნული იწვევდა საქმის რამდენიმე თვით გაჭიანურებას, რაც გამოწვეული იყო ერთის მხრივ ზემდგომ სასამართლოში საქმის გადაგზავნით და მეორეს მხრივ გასაჩივრებული განჩინების განხილვით. ახალი რეგულაციით გასაჩივრება არ შეაჩერებს საქმის არსებით განხილვას და ამასთან შემცირდება იმის რისკიც, რომ გადაგზავნისას შესაძლოა დაზიანდეს საქმის მასალები.

აღნიშნული ცვლილება დადებითად უნდა შეფასდეს, ვინაიდან იგი უშუალო კავშირშია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებთან,  რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სწრაფი და ეფექტური სამართალწარმოების განხორცილებას.

 

ავტორი: რუსლან ალექსიძე

"კაიკაციშვილი და ადვოკატების"

მთავარი იურისტი (2018/02/10 - მდე)