რა ცვლილება შევიდა საბანკო დავების განხილვის წესში

27.04.2018

რა ცვლილება შევიდა საბანკო დავების განხილვის წესში

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2018 წლის 7 მარტს განხორცილდა ცვლილება, რომელიც ეხება სახელშეკრულებო განსჯადობას და ადგენს ამ ტიპის განსჯადობაში გამონაკლის წესს.

წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების-კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის გაცემის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები განიხილება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, ცვლილება ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც, წინამდებარე რეგულაციას ენიჭება უკუძალა და სასამართლოებს ავალდებულებს წარმოებაში მიღებული საქმეების ახალი რეგულაციის გათვალისწინებით,  აწ უკვე განსჯად სასამართლოებში გადაგზავნას.

სახელშეკრულებო განსჯადობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპროცესო რეგულაცია, რომელიც ადგენს ხელშეკრულების შესრულების მიხედვით სასამართლოს კომპეტენციას განიხილოს საქმე, ვინაიდან გარიგების დადებისას გავლენას ახდენს ის გარემო ფაქტორები, რომელიც დამახასიათებელია ცალკეული რეგიონებისთვის. მოცემული გარემოების გათვალისწინებით გაუგებარია ახალი სპეციალური მოწესრიგება და დიფერენცირება სახელშეკრულებო დავებში „საბანკო დავების“ მიმართულებით.

წარმოდგენილი ცვლილება ემსახურება საქალაქო სასამართლოებიდან რაიონული და მაგისტრი სასამართლოებისთვის საქმეთა გადაცემას, ვინაიდან განიტვირთოს საქალაქო სასამართლოები, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი სამართალწარმოება მნიშვნელოვანია აღნიშნულმა არ უნდა გამოიწვიოს საერთაშორისო პრინციპებით აღიარებული დამკვიდრებული და მართებული პრაქტიკის ცვლილება, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო დავების განსჯადი სასამართლოს განსაზღვრას, ხელშეკრულების დადების ან შესრულების ადგილის მიხედვით.

ავტორი: რუსლან ალექსიძე

კაიკაციშვილი და ადვოკატების

 მთავარი იურისტი (2018/02/10 - მდე)​