რა ცვლილება შევიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიმართულებით

1.05.2018

რა ცვლილება შევიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიმართულებით

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2018 წლის 7 მარტს განხორცილდა ცვლილება, რომელიც ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრებას და აღნიშნული საქმის სააპელაციო წესით განხილვას. წარმოდგენილი ცვლილება ემსახურება სამართალწარმოების დახვეწას.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების განხილვის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო არ იკვლევს  არსებითი ხასიათის მტკიცებულებებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოსამართლის კომპეტენციაა იმსჯელოს იყო თუ არა ინფორმირებული მხარე პროცესის თაობაზე, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია საპროცესო ნორმები ასეთ შემთხვევაში უქმდება დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თუკი საქმე ზემდგომ ინსტანციაშია, განსახილველად უბრუნდება ქვემდგომ ინსტანციას. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო აფასებს სამართლებრივ გარემოებებს და მცირე მნიშვნელობის ფაქტებს, შესაბამისად მეორე ინსტანციაში ჩატარებული სხდომა ძირითად შემთხვევაში წარმოადგენდა ფორმალობას და იწვევდა სამართალწარმოების გაჭიანურებას.

წარმოდგენილი ცვლილებით მოსამართლე უფლებამოსილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის განჩინება განიხილოს ერთპიროვნულად და ზეპირი მოსმენის გარეშე, აღნიშნული სამართალწარმოებას ეფექტურს ხდის, რაც დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მხარისთვის ასევე მოსამართლეთათვის სამოქალაქო საპროცესო ნორმებით დადგენილი ვადის დაცვის კუთხით.

 

ავტორი: რუსლან ალექსიძე

კაიკაციშვილი და ადვოკატების

 მთავარი იურისტი (2018/02/10 - მდე)