ევროსასამართლოს გახმაურებული დავები მედიასამართლის სფეროში

15.05.2018

ევროსასამართლოს გახმაურებული დავები მედიასამართლის სფეროში

მედიასამართალი მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია სამართლის სისტემაში, რომელიც არაერთხელ გამხდარა განსხვავებული აზრის წარმოქმნის საფუძველი. აღნიშნულ სტატიაში განხილულია ევროსასამართლოს რამდენიმე ცნობილი და გახმაურებული საქმე, რომლის ფარგლებში მიღებულმა სასამართლო გადაწყვეტილებებმა დაამკვიდრა ერთგვარი პრაქტიკა მედიასამართლის მიმართულებით.

ჯერსილდი დანიის წინააღმდეგ (Jersild V. Denmark, 1994) - აღნიშნული დავის ფარგლებში, ჯერსილდს, როგორც ერთ-ერთი ცნობილი ტელევიზიის ჟურნალისტს, ბრალად დაედო რასისტული გამონათქვამების ხელშეწყობა. მან საკუთარ გადაცემაში მიიწვია სამი რასისტული იდეოლოგიის მატარებელი ახალგაზრდა, რომლებმაც სატელევიზიო ეთერში დისკუსიის ფარგლებში გაავრცელეს ისეთი ფრაზები, როგორებიცა : „ჩვენ გვჯერა, რომ დანია მხოლოდ დანიელებისაა“, „ხალხს უნდა მივცეთ უფლება, რომ იყოლიონ მონები“ და ა.შ. გადაცემა, ზოგადად მიგრაციის საკითხის დისკუსიის ფორმატში განხილვას ეძღვენობოდა. ჯერსილდს, როგორც გადაცემის წამყვანს, საკუთარი მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებით არ დაუფიქსირებია. საქმის გამოძიების შემდეგ, ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილების თანახმად, ჯერსილდს ბრალად დაედო რასისტული პროპაგანდის გავცელებაში მონაწილეობა და მისი ხელშეწყობა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აღნიშნულ საქმეზე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს განმარტების თანახმად, დემოკრატიული მმართველობის პირობებში, დაუშვებელია ინტერვიუს დროს სხვა პირის მიერ გარკვეული სახის ინფორმაციის გაჟღერება გახდეს ჟურნალისტის დასჯის საფუძველი. ობიექტური და დაბალანსებული სიუჟეტის მომზადების მეთოდი, შეიძლება ყველასთვის განსხვავებული იყოს, შესაბამისად თუ რა ტექნიკით და სტილით უნდა მოამზადოს ჟურნალისტმა რეპორტაჟი, ვის უნდა დაუთმოს საეთერო დრო -  არ წარმოადგენს სასამართლოს შეფასების კომპეტენციას.

სანდეი თაიმსი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (Sunday Times V. UK) - ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „დისტილერსი“ აწარმოებდა და ყიდდა მედიკამენტს, რომელიც შეიცავდა „ტალიდომიდს“. აღნიშნული მედიკამენტით, მათ შორის, ორსულებიც სარგებლობდნენ. სწორედ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ტკივილგამაყუჩებელი წამლის- „ტალიდომიდის“ აქტიური რელიზაცია მიმდინარეობდა, ბრიტანეთში საკმაოდ გახშირდა სხვადასხვა თანდაყოლილი დაავადებებითა და დეფორმაციებით ახალშობილების დაბადების ფაქტი. მშობლებმა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დავა დაიწყეს კომპანია „დისტილერის“ წინააღმდეგ. აღნიშნული დავა გარკვეული დროის შემდეგ მხარეთა შორის მორიგებით დასრულდა, თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში ჟურნალი „სანდეი თაიმსი“ აქტიურად იკვლევდა სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის: ჩატარდა თუ არა კომპანიის მიერ სათანადო ტესტი წამლის გასაყიდად გავრცელებამდე, ფლობდა თუ არა კომპანია ინფორმაციას, რომ პრეპარატი უარყოფით გავლენას ახდენდა ჩანასახზე და ა.შ. „დისტილერსის“ შუამდგომლობის თანახმად, „სანდეი თაიმსს“ სასამართლოში დავის დასრულებამდე აეკრძალა მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მედიასაშუალებების მეშვეობით. აკრძალვას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე და მხარეთა შორის მორიგებაზე ზეგავლენის მოხდენის რისკი.

ადამიიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს განმარტებით, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული სამყაროს მნიშვნელოვან მონაპოვარს და მისი შეზღუდვა არ შეიძლება მხოლოდ იმაზე დაყრდნობით რომ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებაში შიშს ან პანიკას გამოიწვევს. „ტალიდომიდის უბედურება“ წარმოადგენდა საჯარო ინტერესის საგანს, შესაბამისად ჟურნალისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ  იყო მიზნის მიღწევის ადეკვატური და პროპორციული საშუალება.

Bluff” ჰოლანდიის წინააღმდეგ - ჟურნალმა “Bluff-მა“ 1987 წელს მოიპოვა 1981 წლით დათარიღებული გრიფით საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ჰოლანდიის სამხედრო სამსახურის მაშინდელ ინტერესებს. ინფორმაცია ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა არაბული ლიგის მიერ ჰააგაში ოფისის გახსნის გეგმა; პოლონეთის, რუმინეთის და ჩეხოსლოვაკიის საიდუმლო სამსახურების ჰოლანდიაში მოქმედების გეგმა და ა.შ. აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნების დაანონსებისთანავე, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად მოხდა “Bluff-ის“ოფისების გაჩხრეკა და  29 აპრილის ტირაჟის დაყადაღება. იმავე საღამოს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გადაამრავლა 29 აპრილის ნომრის 2 500 ეგზემპლარი და მეორე დღესვე გაავრცელა ქუჩაში. საბოლოოდ, 1988 წელს სახალხო პროკურორის არგუმენტაციის საფუძველზე ჰოლანდიის საერთო სასამართლოებმა “Bluff-ის“ 29 აპრილის ყველა ეგზემპლარის ბრუნვიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს განმარტების თანახმად, სახელმწიფოს უშიშროებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა. შესაბამისად, კონკრეტული ქმედება (ამ შემთხვევაში დაყადაღება) შესაძლოა განხორციელდეს ეროვნული უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების შესამაბისად. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული სასამართლო დავა ერთმანეთისაგან განსხვავდება, მოცემულ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ქმედების მიზანშეწონილობის საკითხიც. სასამართლო დაეყრდნო უშიშროების სამსახურის უფროსის განცხადებას, რომლის თანახმადაც ჟურნალით გასავრცელებელი ინფორმაცია უკვე აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოს, თუმცა რჩებოდა კონფიდენციალურად. ასევე, რადგან მეორე დღესვე მოხდა ჟურნალის გავრცელება და ინფორმაციამ მიიღო საჯარო ხასიათი, ჟურნალის ბრუნვიდან ამოღების გადაწყვეტილება აღარ იყო მიზანშეწონილი და გამართლებული.

 

ავტორი: მარიამ ფირცხალაიშვილი 

კაიკაციშვილი და ადვოკატების

იურისტი (2018/31/08 - მდე)