KB - უზენაესმა სასამართლომ პედაგოგი სამსახურში აღადგინა და სკოლა მას 21,166 ათასს ლარს გადაუხდის

29.05.2018

KB - უზენაესმა სასამართლომ პედაგოგი სამსახურში აღადგინა და სკოლა მას 21,166 ათასს ლარს გადაუხდის

KB-ის წარმომადგენლობით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, თბილისის #140 საჯარო სკოლის მიმართ წარმოებული დავა გათავისუფლებული მასწავლებლის კანონიერ უფლებებში აღდგენით დასრულდა, საკასაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და დაუშვებლად მიიჩნია სკოლის საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებაზე. შედეგად სკოლას უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგის სასარგებლოდ, იძულებითი შრომითი განაცდურის სახით, 21,166 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

KB-ის მიერ სასამართლო წესით გასაჩივრებულ იქნა თბილისის #140-ე საჯარო სკოლის დირექტორ ნინო ასანიძის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ქ. ო.-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. სკოლის მხრიდან პედაგოგის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები გახდა სკოლის შინაგანაწესით პედაგოგის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების სავარაუდო ფაქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (მოსამართლე: ასმათ კოხრეიძე) სრულად იქნა გაზიარებული სკოლის მტკიცება და არ დაკმაყოფილდა გათავისუფლებული მასწავლებლის სარჩელი.

KB-მ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების კვლევის, მტკიცებულებათა ერთობლიობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სრულად დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და პედაგოგის გათავისუფლების უკანონო ხასიათი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გათავისუფლების უკანონობა მისი თანმდევი მიზეზ-შედეგობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე და მიიღო გადაწყვეტილება სადავო გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სკოლის მათემატიკის პედაგოგის ქ.ო-ის სამსახურში აღდგენისა და 2014 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებითი განაცდურის გადახდევინებასთან დაკავშირებით.

თბილისის #140-ე საჯარო სკოლამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება. 2018 წლის 2 თებერვალს, სასამართლომ დასაშვებობისა და არსებითი განხილვის შესამოწმებლად, საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. ქ. ო.-ს ინტერესების დამცველებმა სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვალს წარუდგინეს ვრცელი წერილობითი შეპასუხება (შედავება) და დაასაბუთეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, რაც საბოლოო ჯამში, 2018 წლის 28 მაისს, სრულად გაიზიარა და დასაბუთებულად ცნო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.